სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებში 15 სექტემბრიდან – 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ეს გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც “ინფიცირების” (სავარაუდოდ დადებითობის. რედ.) მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება, ხოლო იქ, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მინისტრის თქმით, იმ რაიონებში, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება, მშობლებს ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ და სურვილის შემთხვევაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძონ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიიღო მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება, როდესაც UNICEF-ისგან არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლები უნდა იყოს ბოლო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში დაიხურება, ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დმონისრებს კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც მისი თქმით, მიზანში იღებს ახალგაზრდებს და ბავშვებს და მინისტრის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მისი თქმით, ქვეყანაში პედაგოგების 46%-ია აცრილი, თუმცა სკოლაში პერსონალის 100%-იც რომ იყოს აცრილი თუ დაწესებულება იმ არეალში მდებარეობს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, იქ სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.