პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის “დამშვიდება”. მისი თქმით, სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ ადამიანი უნდა იყოს აცრილი.
“ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება ვირუსი და საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია ანუ რამდენიმე კვირა დაგვრჩა მძიმე პერიოდი, რომ გადავიტანოთ ყველამ ერთად და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და სიტუაცია უნდა იმართოს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
„ჯანდაცვის მინისტრმა გააფართოვა თბილისშიც ვაქცინაციის არეალი. ავტობუსებში მერიასთან ერთად დავიწყეთ ვაქცინაცია. კიდევ უნდა გაფართოვდეს ვაქცინაციის არეალი, რეგიონებშიც. ასევე მნიშვნელოვანია ჯარის, სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში, სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ეტაპობრივად ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინა და ადგილზე მოსახლეობას შევთავაზოთ უფასო აცრა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: NCDC-ის მონაცემებით, ამდრომდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა. მათგან, ერთი დოზით აცრილია 780 948 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. ხოლო სრულად აცრილია – 383 454 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.