ჭიათურა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იყო გამორჩეული იმ სამრეწველო დანიშნულებით, რომელიც მას დღესაც გააჩნია, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმ დროიდან აქ განსაკუთრებულად საინტერესო ახალი დარგები ვითარდებოდა. ჭიათურა იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმ დროისთვის, ახალი მიდგომებით. ბევრმა არ იცის, რომ პირველი ჩოგბურთის კორტი სწორედ ჭიათურაში ააშენეს ევროპელებმა, ინგლისელებმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ესაა ის, რითაც უნდა ვიამაყოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ახალი გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები და ბევრი სხვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჭიათურაში გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვჭირდება გასუფთავებული მდინარე „ყვირილა“, გაწმენდილი სანაპიროები, რეკულტივაცია, რომელიც აუცილებელია დიდი მასშტაბით დაიწყოს, რადგან ის მიტოვებული საბადოები და თუნდაც ახალი მოპოვებები, რომელიც მიმდინარეობს, მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტით“, – აღნიშნა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჭიათურაში არის ახალი საწარმო, კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც ეს ვერ შველის პრობლემის სრულად გადაჭრას და აუცილებელია ის ძველი საწარმოები, ან მთლიანად გადაიარაღდეს ან დამატებით ახალი გაკეთდეს, რომ ის, რაც წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი.
„ასევე გავეცანი პრობლემებს, რომ ქვეკონტრაქტორებთანაც ყოფილა გარკვეული საკითხები და ესეც უნდა გავაკონტროლოთ. კონტრაქტორი, რაც არ უნდა პატარა იყოს ან მცირე ლიცენზიის მფლობელი ან გადაზიდვის კონტრაქტის მატარებელი, მაქსიმალურად უნდა იცავდეს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ხვალინდელი დღეა, რომ გვქონდეს სუფთა და გამჭვირვალე სისტემა, თუ როგორ იმართება გარემოს დაცვითი საკითხები“, – განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი, რადგან უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება კანიონში და ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ რამდენიმე თუ შეიძლება იყოს. „მოვიყვანოთ-არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.