„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რაც ამ შეზღუდვის მოხსნის მხარდაჭერის საფუძველს აძლევს.
მისი თქმით, ტრანსპორტის ამოქმედებისთვის შრომის ინსპექცია წარადგენს წესებს, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობისთვის იქნება საჭირო.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო საშუალებების გახსნას, როგორც დაპირებული იყო მოქალაქეებისთვის, რათა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მოქალაქეებმა ეფექტურად შეძლონ გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, შრომითი ინსპექციის მხრიდან იმ ეფექტურ ღონისძიებებს მოვისმენთ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებში შეიძლება გატარდეს, რათა იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელებას არ მოხდეს და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ჩვენ ვიყავით“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა:
„სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში არც თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ჩვენ სამუდამოდ ვერ შევწყვეტთ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. ქვეყანაში მნიშნელოვანია როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ასევე სოციალური ფონის გათვალისწინება და იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ პირადი სატრანსპორტო საშუალებები, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აქედან გამომდინარე მნიშნელოვანია ის ღონისძიებები, რომელიც ტრანსპორტში უნდა გატარდეს. აუცილებელია მათი სწორი აღსრულება, რაც ხანგრძლივ ჭრილში იმ ნიშნულის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, რომელსაც ვვარაუდობთ რომ შემდეგი კვირისთვის მივაღწევთ“, – განმარტა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეჩერდა, ხოლო 31 აგვისტოს გამართულ უწყებათშორის საკოორდინაციო სხდომაზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.