საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორც წესი, წინა საარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას ის პროგრამა უნდა წარუდგინონ, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, მათ სამოქმედო გეგმას გულისხმობს.
რეალურად, რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და აწარმოებენ თუ არა პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
“პრინციპში, უკვე გამოიკვეთა იმ ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პლატფორმები, რომლებიც, რეალურად, ორიენტირებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველლობის არჩევნებისთვის შესაბამის მიმართულებებზე. ეს არის ადგილობრივი პრობლემების მოგვარება. მაგალითად, ამას აკეთებს მმართველი პარტია, ამას აკეთებს “ლელო” – რომელმაც წარმოადგინა თავისი პროგრამა; ასევე, რამდენიმე პარტია. “მესამე ძალამ” დაიწყო წინა საარჩევნო კამპანიის მსგავსი, მაგრამ საქმე არის ის, რომ, პრაქტიკულად, ამ ყველა პროგრამას აკლია კონკრეტიკა; შეიძლება ითქვას, “კეთილი სურვილების” კრებული.
როგორც ჩანს, ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ხალხს არ აქვს ინტერესი, ღრმად ჩაიხედოს პროგრამებში, დასვან კითხვები – საიდან მოიტანენ თანხებს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. მაგალითისთვის, ე.წ. მარშალის გეგმა თბილისისთვის, რომლის “კულტივირებასაც” “ლელო” ახდენს. ეს პროგრამა შესაძლოა, მათ მიაჩნიათ, რომ კარგია, მაგრამ ქუჩაში რომ გავიდეთ და შემთხვევით შერჩეულ ოც ადამიანს ვკითხოთ, რა არის ე.წ. მარშალის გეგმა, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ექნება”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
როგორც ანჯაფარიძე განმარტავს, ოპოზიციის მეორე ნაწილი ორიენტირებულია, რომ აღნიშნული არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს.
“არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივაა კონცენტრირებული, რომელსაც არანაირი პროგრამა არ წარმოუდგენია ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ნაწილი პირდაპირ არის ორიენტირებული იმაზე, რომ არჩევნები გადააქციოს რეფერენდუმად და იმაზე, რომ ამ არჩევნების მეშვეობით მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ან, თუ მოახერხეს, ხელისუფლების შეცვლას რეფერენდუმის გზით.
მთელი მათი აქტივობები მიმართულია ამისკენ. მათი საჯარო გამოსვლები იწყება იმით, რომ ეს არის რეფერენდუმი და მთავრდება იმით, რომ ეს არის რეფერენდუმი, რომლითაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ამაზე არის ორიენტირებული მათი სხვა საქმიანობები – თუნდაც, მათთან აფილირებული ორგანიზაციები და ე.წ. ალტერნატიული ცესკო-სპლატფორმა. სამზადისი მიდის იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყონ გარკვეული მადესტაბილიზებელი ქმედებები”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ