რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ენკა” ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება.
საკითხის შესაფასებლად “თბილისი თაიმსი” ეკონომიკის ექსპერტს, იოსებ არჩვაძეს ესაუბრა.
“წინასწარ ამის თქმა საკმაოდ რთულია. ზარალი არამხოლოდ დაუსრულებელი სამუშაოებით განისაზღვრება, არამედ იმ საჩივრით, რომელიც შეიძლება, კომპანიამ წაუყენოს ქართულ მხარეს. მაგრამ მოდით, ჩვენ ისე არ მოვიქცეთ, “დათვმა კბენა არ იცოდა, ხალხმა ასწავლაო”. მე ძალიან არ მომეწონა ამ დღეებში პოლიტიკოსების მიერ მედია საშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციები, რომ საქართველო ამდენ მილიონს იზარალებს და ა.შ. ჩვენ, ფაქტობრივად, წინასწარ განვეწყვეთ წაგებისთვის და მოვნიშნეთ ზარალის მასშტაბები, რაზეც სარჩელი უნდა წამოგვიყენოს სხვა მხარემ, ნაცვლად იმისა, რომ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე შედარებით სხვა პოზიცია დაგვეფიქსირებინა.
ეს იმიტომ, რომ ვინც საარჩელს წარადგენს, იმან თვითონ იცის საკუთარი პრეტენზიების მასშტაბები. ჩვენგან “წახალისება” და იმის ხაზგასმა, რომ ამდენს იზარალებს საქართველო, ვფიქრობ, არ იქნება სწორი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ზარალზე საუბარი მეჩვენება, რომ ნაადრევია. ეს არა იმიტომ, რომ არ შეიძლება შესაბამისი კონტურების მოხაზვა, არამედ იმიტომ, რომ მას არა მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სახელმწიფოს ინტერესების დამცველები, არამედ მისი მოწინააღმდეგეებიც გაეცნობიან და ჩვენ რატომ უნდა მივცეთ წინასწარ არგუმენტი საპირისპირო მხარეს”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ