2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 8 დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანიაც თითქმის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა სიძულვილის ენამ, ფიზიკურმა თუ სიტყვიერმა დაპირისპირებებმა.
მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რამდენიმე ძირითად ქალაქში გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები“, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ოპოზიციის მხრიდან ეს კრიტიკის საგნად იქცა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მსგავსი სიძულვილის ენა არღვევს საარჩევნო კოდექსს და მიუღებელია ნებისმიერი სახით. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ პირველივე დღეს განაცხადეს, რომ ბანერებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვისთავისუფლება. ვიღაცას შეიძლება მოწონდეს ესა თუის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არმოწონდეს. ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერიხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლისმანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით.“
საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი იყო დმანისელებისთვის. ოპოზიციის მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის შვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და დაჭრა. ცხადია, მსგავსი ფაქტები წინასაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დაძაბულსა და უსიამოვნოს ხდის, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებები ქართული წინასაარჩევნო გარემოს განუყოფელი ნაწილი და დღემდე დაუძლეველი გამოწვევაა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წინასაარჩევნო დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია 19 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცის გასაჯაროებამ, საიდანაც სავარაუდოდ დგინდება საჯარო მოხელეების, სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების შესახებ დოსიეების შეგროვება მათი შემდგომში პოლიტიკური შევიწროვების მიზნით .
წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევად დღემდე რჩება სოციალური მედია და სიძულვილის ენა. „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველომ“ გამოაქვეყნა მედიის შუალედური კვლევა, რომლის თანახმად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებობს არაერთი გვერდი თუ ჯგუფი, რომლის მიზანსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია წარმოადგენს. აღნიშნული ქმედებები აღვივებს ზიზღს და ზრდის სიძულვილის მაჩვენებელს ამომრჩეველში და შესაბამისად წინასაარჩევნო პერიოდიც უფრო დაძაბული და უკონტროლო ხდება. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აცხადებს:
„ დაპირისპირება და ერთმანეთის მიმართ სიძულვილი ცუდს მოიტანს თითოეული ჩვენგანისვის და ჩვენი ქვეყნისთვის“
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა