როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ეცნობა ხოლმე. შესაძლოა, ისინი ენდობიან ან არ ენდობიან ამ შედეგებს. ამის მიხედვით, ისინი მონაწილეობენ ამ გამოკითხვაში ან არ მონაწილეობენ.
რა ვითარებაა, ამ მხრივ, საქართველოს მოსახლეობაში – “თბილისი თაიმსს” ანალიტიკოსი, მამუკა არეშიძე ესაუბრა.
“ქვეყნდება ძალიან ბევრი კვლევა, ბევრი ორგანიზაცია აქვეყნებს ამ კვლევებს. საბოლოოდ, გამოდის ისე, რომ მოსახლეობა დეზორიენტირებულია. შესაძლოა, საქმეში ჩახედულმა და პოლიტიკასთან ახლოს მყოფმა ადამიანებმა – რომლებიც პირადად არ არიან ჩართულნი პოლიტიკაში, მაგრამ ინტერესდებიან – იციან, ვინ რა ტიპის კვლევებს აქვეყნებს და ამ პროცენტული მაჩვენებლების ლაბირინთში ერკვევიან.
ის ნიჰილისტური განწყობა, რაც პოლიტიკის მიმართ ჰქონდა მოსახლეობას, შენარჩუნებულია. მათ ეტყობათ იმედგაცრუება და ხელის ჩაქნევა. ეს რაც შეეხება მოსახლეობის ერთ სერიოზულ ნაწილს.
მეორე ნაწილი გაღიზიანებულია ბარიკადის ერთ ან მეორე მხარეს ქმედებით. ისინი ნეიტრალური პოზიციიდან უკვე გადადიან პოზიციის არჩევისკენ”, – განაცხადა არეშიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.