26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადაიდო.
მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პროცესი 19 ნოემბერს 12.00 საათზე ჩანიშნა.
პროცესის გადადების მიზეზი კი მოსამართლის გრაფიკი გახდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მერაბიშვილის ადვოკატმა გიროგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქეთევან ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ დღეს 12 პროცესი ჰქონდა, რის გამოც დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა.
რაც შეეხება შემდგომ პროცესს, ადვოკატის თქმით, 19 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. ასევე ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს გარკვეული შუამდგომლობები ექნება.
ვანო მერაბიშვილის პროცესზე დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
06.11.13