როდესაც საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებას ეხება, უფროსები საკმაოდ კრიტიკულები ვართ. მათ შორის, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის სათამაშოების სწორად შერჩევაა. სხვადასხვა ასაკისთვის ბავშვები განსხვავებული ტიპის ნივთებს საჭიროებენ. “დადარი” გვთავაზობს სათამაშოებს ნული წლიდან ბავშვებისთვის. რაც მთავარია, პროდუქცია გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა და, ცხადია, უსაფრთხოა პატარებითვის.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” სოციალურ საწარმო”დადარის” მენეჯერი, თეონა გეთიაშვილი ესაუბრა.

“ჩვენ ვამზადებთ ხის სათამაშოებსა და სუვენირებს. გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ვიყენებთორი სახის საღებავს – ერთი არის გერმანული, ხის სათამაშოებისთვის შექმნილი, ეკოლოგიურად სუფთა, მეორე კი გახლავთ საქართველოში დამზადებული, ნატურალური, აბსოლუტურად ბუნებრივი საღებავი. შესაბამისად, ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ გვაქვს ყველაზე უსაფრთხო სათამაშოები.
დეტალურად, ვიყენებთ ფოთლოვანი ხის მასალას. ესენია კაკალი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, რცხილა, მურყანი – იგივე თხმელა”, – აღნიშნავს რესპონდენტი.

როგორც ის განმარტავს, მათ მიერ დამზადებული სათამაშოები სხვადასხვა ასაკსა და საჭიროებაზე მორგებულია.
“ძირითადად, ჩვენი სათამაშოები არის განმავითარებელი, რომლებიც ანვითარებს მოტორიკის უნარს, გვაქვს განსხვავებული სათამაშოები ნული თვიდან, მათ შორის, მოზარდებისთვის”.
თეონა გეთიაშვილი “დადარის” შექმნის შესახებაც ყვება. მისი განმარტებით, აღნიშნული ბიზნესი ბაზარზე 2018 წლიდან არსებობს.
„გაჩნდა იდეა, შექმნილიყო საწარმო და დაწყებულიყო ისეთი ბიზნეს საქმიანობა, სადაც გავაკეთებდით სათამაშოებს, რომლებიც იქნებოდა სასარგებლო, ხარისხიანი და სრულიად უსაფრთხო. საწარმოში დასაქმებულები არიან ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები (5) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირები. ჯამურად, ვართ 17 ადამიანი.
ამავდროულად, ჩვენი მიზანი გახლდათ, საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ შესაძლებელია, სოციალურ საწარმოშიც მზადდებოდეს ხარისხიანი პროდუქცია”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ