35-მდე მოქალაქე გოგელიას კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც ადგილზე მყოფები ჰყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.
პაციენტები ჰყვებიან, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა დატოვეს. კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.
„საბუთებით გავარკვიეთ, რომ დამფუძნებელი არის ვინმე გიორგი ჩადუნელი. ეს ბიჭი კლინიკის უკანა კარიდან გაიქცა, დატოვა თავისი სამუშაო ნივთები: ტელეფონი, საფულე და გაიქცა. იმედია, ვერ დაიმალება. პირდაპირ გვითხრა, რომ ბავშვები და ყველა აცრილია C ვიტამინით“, – აცხადებს მოქალაქე.