მასწავლების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსიდან მინიმალური ზღვარი 2 886-მა ვერ გადალახა. რა არის ამ შედეგის გამომწვევი ძირითადი მიზეზები – საკითხს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განათლების ექსპერტი, გიორგი გახელაძე აფასებს.
“ამ ზაფხულს პრაქტიკოსი მასწავლებლები ორ გამოცდაზე იყვნენ დარეგისტრირებულები. ერთი გახლავთ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა – რომელშიც დარეგისტრირებულები იყვნენ როგორც პრაქტიკოსი, ისე – მასწავლებლობის მსურველი პირები. ასევე, იყო ე.წ. პროფესიული უნარების გამოცდა. მოქმედ მასწავლებელთაგან, ორივე შემთხვევაში, დარეგისტრირებული იყო 5 000-ზე მეტი პედაგოგი. ამათგან, 3 000-მდე მასწავლებელმა ზღვარი ვერ გადალახა.
ამის მიზეზები იგივეა, რაც აქამდე იყო – ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელიც მოძველებულ ცოდნას ფლობს და, ამასთან, პროფესიაში დარჩენის მაღალი მოტივაციაც არ აქვთ. ან მეორე – მიიჩნევენ, რომ ამ გამოცდის ჩაბარების გარეშეც, როგორც აქამდე, უალტერნატივობის გამო, შეინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს”, – განმარტავს ექსპერტი.
გახელაძის განმარტებით, მოქმედი პედაგოგების გარკვეულ ნაწილს ახალი ცოდნის შეძენის ნაკლები მოტივაცია აქვს.
“უმეტესაც, მაინც ახალი ცოდნის შეძენის ნაკლები მოტივაცია და დაბალი უნარები გახლავთ იმ შედეგის გამომწვევი მიზეზები, რაც მასწავლებლებმა გვიჩვენეს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაუბარებლობის გამო სტატუსის შეჩერების საკითხი არაერთხელ გადაიდო და რამდენჯერმე მიეცათ შეღავათი მოქმედ პედაგოგებს. მათმა გარკვეულმა ნაწილმა, ავად თუ კარგად, გამოცდები ჩააბარა. ეს იმ ფონზე, რომ ზღვარი საკმაოდ დაწეული იყო 2017 წლიდან”, – განაცხადა გიორგი გახელაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ