ევროპის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისი ფონზე, საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. პირველ ნოემბერს ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა.
პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში მოსახლეობის ნაწილი გაზიდან დიზელისა და მაზუთის მოხმარებაზე გადავიდა, რაც, შეზღუდული მიწოდების პირობებში, კიდევ უფრო მეტად ზრდის ნავთობის ფასს. 29 ოქტომბერს საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 84.34 დოლარი შეადგინა, Light Sweet-ის ფასმა კი – 83.57 დოლარი.
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე განაპირობა ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ პრაქტიკულად არ ყოფილა.
Intercontinental Exchange, Inc.-ის (ICE) მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმზეა და იზრდებაქვანახშირის ფასებიც.
კრზისის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა სახელდება, რაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას უკავშირდება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა