Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის მზად არის $6 მილიარდი გაიღოს თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა აღწერს, როგორ გადაჭრის მსოფლიოში შიმშილის პრობლემას და ხარჯები გამჭვირვალე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„თუ აღწერენ, როგორ მოაგვარებენ 6 მილიარდი დოლარით შიმშილის პრობლემას, მზად ვარ Tesla-ს აქციები გავყიდო, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ ნახოს, რაში დაიხარჯება ფული“, – აღნიშნა მასკმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორის, მასკის ქონების დაახლოებით 2%-ს იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად.