„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამეციდინო მომსახურება ეკუთვნის, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„ლელოს“ ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემ მიმართ, არ აქვს ამას დღეს მნიშვნელობა. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, არის პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს. მე შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედა შეაგინებს. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართველობა.
მე გუშინწინ გამოვაცხადე, რომ ვტოვებ პარლამენტს. გამოვედი იმიტომ, რომ ვიდგე თქვენ გვერდში, რომ ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი და ვიგრძნო ის მუხტი, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაიწყო ოპოზიციის აქცია, რომლის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
დღეს ბათუმში იმყოფება ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც აქციაზე იქნება. აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
ბათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება. აქციების პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივროს ყველა საარჩევნო დარღვევა.
ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ის კანდიდატმა.