პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბრისას ნათქვამ თითოეულ სიტყვას ამყარებს მტკიცებულებები და ფაქტები. „რასაც ვამბობთ, ჩვენ თითოეულ სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს, მეტი არაფერი. ესაა საკვები ფაფები, ეს არაა სამედიცინო დანიშნულება. ესაა საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურიდან ერთ-ერთმა პარლამენტარმა გამოითხოვა, რაზეც კანონის შესაბამისად ამომწურავი პასუხი მიიღო.
„რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, ამ საკითხზე ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით და ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და მათ შორის ერთი ეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც, რომელზეც ადრე დასმული იყო კითხვა – ეს პროდუქტები მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე ბუნებრივია გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება. ამაზე ახლა ტელეეთერში პირველად ვსაუბრობ. რადგან პარლამენტარს უკვე ვუპასუხეთ, ეს ინფორმაცია ისედაც გახდება საჯარო. აქვე გეტყვით, დიახ, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისას მიიღო საბანკო ბარათი, ეს ძალიან სწრაფად მოხდა, შესახლებიდან სულ რაღაც ორ დღეში. თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ როგორც ცნობილია მან უარი განაცხადა ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე ის განაგრძობს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც ექიმებმა გამოუწერეს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა, ამ თემაზე დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრი ასე პასუხობს: „ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ოპერაციას, ბუნებრივია პერსონალურია და ამ საკითხზე მე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.