“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განმარტებით, ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს.
“პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია საწვავის ფასებთან მიმართებით. რასაკვირველია, თუ შევხედავთ ექსპერტების და სხვადასხვა კომპანიის შეფასებებს, მოლოდინები აქვთ, რომ ბარელზე ნავთობი, შეიძლება, 100 დოლარის ფარგლებში ავიდეს, მაგრამ ახლა სადღაც 82-84-ის დიაპაზონშია ფასები, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე პანდემიის პერიოდში აქამდე იყო.
რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”, – განმარტა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ღირებულება ისტორიულ რეკორდებს ხსნის. ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ზრდის მიმართულებით ფასები 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.
თავის მხრივ, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასი მოთხოვნა/მიწოდებას შორის დისბალანსით აიხსნება. ნავთობზე დეფიციტს კი როგორც სპეციალისტები ამბობენ, “ოპეკი +”-ის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკა განაპირობებს. ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებელს აიძულებს ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე გადავიდნენ.