აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას – აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი გახდეს, ასე ეხმაურება:
“აუცრელებს ფასიანი მკურნალობა”
“პრეზიდენტი”
—————–
წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომელიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში.
ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად განწირული იქნება სიკვდილისათვის, რადგან აუცრელების არსებით პროცენტს დაავადება აუცილებლად ურთულდება და მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც ავადმყოფის შენახვა კოლოსალური თანხები ჯდება.
პრეზიდენტმა სრულიად მოუხსნა ვალდებულებები მთავრობას და სრული და უპირობო პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა პანდემიისა და აცრების პროცესების არაეფექტურ მართვაზე.
მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება. ცხადია, ამ ფონზე ფერმკრთალდება ის არაჰუმანურობაც, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიჩინა მოშიმშილე პრეზიდენტის მიმართ.“