8 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კოვიდზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის. უფრო კონკრეტულად:
• პირს მწვანე პასპორტი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ;
• ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
• ან წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა შეეძლებათ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებს. ასევე პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას, კერძოდ ესენია:
• კვების ობიექტები;
• გასართობი ცენტრები;
• კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
• სამორინეები;
• სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
• საკონცერტო დარბაზები;
• სპა-ცენტრები;
• ფიტნეს-დარბაზები;
• სასტუმროები;
• სამთო კურორტების – საბაგირო გზები;
• ბარების ღია და დახურული სივრცეები.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმითვე, მწვანე პასპორტის აღებისას ვირუსგადატანილებისთვის შეზღუდვა არ იქნება. “განვმარტავ, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ეს მოსაზრება”, – თქვა მან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში მწვანე პასპორტი სავალდებულო არ იქნება.
“ისეთ სერვისებში, რაც არის აუცილებელი ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და ადამიანი უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, თუ არ შევიდა მაღაზიებში, არ შეიძინა პროდუქტი, არ იმგზავრა… სასურსათო მაღაზიაზე მაქვს საუბარი, ესეთ ადგილებში მწვანე საშვის პასპორტი ჯერჯერობით არ ამოქმედდება”, – თქვა მან.