ამ მასალაში გიამბობთ სახელოსნოზე, რომელიც მაღალმთიან სოფელში მდებარეობს. აქ ადგილობრივი გოგონები ეკომეგობრულ ბრენდს ქმნიან – მზადდება თეთრეული, სამზარეულოს აქსესუარები და სხვა. თუმცა, ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
სახელოსნო წალკაში მდებარეობს – რეგიონი გამორჩეულია კულტურული მრავალფეროვნებით. სწორედ ამიტომ, დასაქმებულები ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნავენ. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ნინო ანთაძე ესაუბრა.

დეტალურად, რას ამზადებთ?
ჩვენ ვართ პატარა საოჯახო სახელოსნო, მაღალმთიან სოფელში, ვქმნით ეკომეგობრულ ბრენდს. აქ ვამზადებთ ბამბის თეთრეულს – როგორც საბავშვოს, ასევე, მთელი ოჯახისთვის. გარდა ამისა, ვაწარმოებთ ნაჭრის ეკომეგობრულ ჩანთებს/ქისებს, საოჯახო და სამზარეულოს ტექსტილს, როგორიცაა: პირსახოცები, სამზარეულოს აქსესუარები, წინსაფრები… სასტუმროს თეთრეული და სხვა… ასევე, გვაქვს და ვკერავთ ქალის შარფებს და თავსაფრებს ჩვენი რელიგიური უმცირესობებისთვის. ყველა ნივთი იქმნება ხელითა და დიდი სიყვარულით მთაში მცხოვრები გოგონების მიერ.
ტერიტორიულად, სად იმყოფებით?
ჩვენი სახელოსნო მაღალმთიან სოფელშია, წალკაში, სოფელი განთიადი. წალკა მულტიკულტურული რეგიონია, აქ ბევრი მუსლიმი ქალბატონი ცხოვრობს და საკმაოდ რთულია ბაზარზე შესაფერისი თავსაბურავებისა და კაბების პოვნა.
გვაქვს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსიც. ჯერჯერობით, სახლში ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, მალე გავაფართოებთ და გადავალთ ცალკე, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები დაგვემატებიან. ეს ყველაფერი დამოკიდებულა მომხმარებლის ნდობასა და გაყიდვების რაოდენობაზე.
საინტერესოა, რომ მათალმთიან სოფელში აწარმოებთ – რა მეთოდებით ცდილობთ, ხელი შეუწყოთ ადგილობრივ წარმოებას?
რამდენიმე იდეა დავამუშავე – ჩემი თანასოფლელების, დავხვეწეთ, პროექტები დავწერეთ და რამდენიმე საგრანტო პროექტი გვაქვს მოგებული.
პატარა სოფელში, სადაც თითქმის არაფერი ხდება, ასეთი ამბები ძალიან ბევრს ნიშნავს.
რით განსხვავდება თქვენი პროდუქცია სხვებისგან?
ვცდილობთ, მომხმარებლების ორიგინალური ჩანაფიქრები და იდეები განვახორციელოთ, ასევე, შევქმნათ ეკომეგობრული ბრენდი, არ ვყრით დარჩენილ ქსოვილებს. უარს ვამბობთ პოლიეთილენზე და თეთრეული შეფუთულია თავისივე ქსოვილით შეკერილ ქისაში. ამასთან, თითოეულ შეკვეთაში მომხმარებელს ელოდება სიურპრიზი.
რა სირთულეებთანაა დაკავშირებული თქვენი ყოველდღიურობა?
საკმაოდ რთულია მსგავსი საქმიანობა, როდესაც 120-130 კილომეტრი უნდა გაიარო, რომ მასალები მოიძიო, ახალ-ახალი პროდუქტი შესთავაზო მომხმარებელს. ყველა წვრილმანი ითხოვს დიდ დროს და ენერგიას, თუმცა, უკან დახევას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რა გამოვა.
რა მიზანზეა ორიენტირებული თქვენი საქმიანობა?
ჩვენი მიზანია, უპირველესად, ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი ქსოვილით შექნილი აუცილებელი ნივთები, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღი ძილისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის. ვცდილობთ, ფასები იყოს მინიმალური, რის შესაძლებლობასაც ბაზარზე ქსოვილის ფასი იძლევა.
ბრენდის სახელთან დაკავშირებით რას გეგმავთ?
ჯერჯერობით, მუშავდება და არ არის საბოლოო ვერსია. უახლოეს მომავალში მომხმარებელთა წინაშე წარვდგებით განახლებული სახელით, შემადგენლობითა და შემოთავაზებებით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ