ალბათ, თითქმის ყველას სმენია ბელა ჰადიდის შესახებ: ის დღეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მოდელია.
ბევრისთვის ბელა ჰადიდის გარეგნობა, კარიერა და ცხოვრება სრულყოფილიც კი შეიძლება ჩანდეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში მან თავის მენტალურ ჯანმრთელობასა და იმ საერთო პრობლემებზე საჯაროდ ილაპარაკა, რომლებიც ყველას აწუხებს, მაგრამ ამაზე ხშირად ღიად არ ვსაუბრობთ.
ბელამ უილოუ სმიტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეს მომღერალი შფოთვაზე, თვითრწმენის ნაკლებობასა და იმაზე საუბრობს, როცა საკუთარი თავი “არასაკმარისად კარგი” გგონია.
ამ ვიდეოსთან ერთად ბელამ თავისი ნამტირალევი ფოტოები გამოაქვეყნა და აღწერად დიდი ტექსტი დაურთო, რომელშიც ამბობს, რომ კარგად ესმის ეს მდგომარეობა.
მოდელი უილოუ სმიტის სიტყვებზე დასძენს, რომ “ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი თითქმის ყოველი დღე და ღამე ასეთია. სოციალური მედია სინამდვილეს არ ასახავს. ყველას გთხოვთ, ვინც თავს ცუდად გრძნობთ, ეს გახსოვდეთ”.
“ხანდახან ერთადერთი, რისი მოსმენაც გჭირდება, ისაა, რომ მარტო არ ხარ. ჰოდა, ახლა მე გეუბნებით, რომ მარტო არ ხართ. მიყვარხართ, გხედავთ და მესმის თქვენი. საკუთარ თავზე ზრუნვა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები / ტვინში ქიმიური წონასწორობის დარღვევა სწორხაზოვანი არ არის, ეს უფრო “ამერიკული მთების” მოძრაობას ჰგავს… ხან ზევით ადის, ხანაც კიდევ ქვემოთ ჩამოდის, აქეთ-იქით უხვევს. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვისაა სინათლე და ატრაქციონიც ბოლოს აუცილებლად ჩერდება”, — წერს ბელა ჰადიდი.
ბელა ჰადიდმა უფრო კონკრეტულადაც ისაუბრა თავის მდგომარეობასა და პრობლემებთან გამკლავების გამოცდილებაზე:
“დიდი დრო დამჭირდა, ამას რომ მივმხვდარიყავი, მაგრამ საკმარისად ბევრჯერ მივედი იმ მდგომარეობამდე, როცა ძალა სრულად გამომეცალა და ემოციურად გადავიწვი, რომ ეს გამეგო: თუ საკუთარ თავზე იმუშავებ, პირადი ტრავმების, შფოთვის გამომწვევი მიზეზებისა და სიხარულის მიღების გზების გასაგებად დროს დახარჯავ, შესაძლებლობა გექნება, რომ საკუთარი ტკივილი უკეთ შეისწავლო და გაიგო, როგორ შეიძლება გაუმკლავდე მას”, — დაწერა მოდელმა ინსტაგრამის პირად ანგარიშზე, სადაც 47 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ფოტო: bellahadid / Instagram
როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 25 წლის ბელა ჰადიდი თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე საჯაროდ ლაპარაკობს: წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ თინეიჯერობაში დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას ებრძოდა.