რამდენიმე დღის წინ, თელაველი ახალგაზრდა, ვალერი ბოჭორიშვილი , თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო, სოციალური ქსელების მეშვეობით. მან თელავის ცენტრში, საკუთარ დაბადების დღეზე, ათობით პური შეიძინა და მოხუც, გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვალერის მხრიდან ეს პირველი საქველმოქმედო აქცია არ ყოფილა..
დეტალებზე „თბილისი თაიმსი“ თავად ამ აქციის ავტორს გაესაუბრა.
26 წლის ვალერი ბოჭორიშვილი თელავის რაიონის, სოფელ კისისხევიდანაა. მისი პირველი სამოქალაქო და სოციალური აქტიურობა სწორედ თავისივე სოფელს უკავშირდება. ჯერ კიდევ 2012 წელს მანდ კისისხევის ფეისბუქ გვერდი გააკეთა, რომლის დახმარებითაც სოფელს არაერთი სიკეთე მოუტანა, მათ შორისაა, ეკლესიების რესტავრაცია-აღდგენა, ხანდაზმულების დახმარება და ა.შ
რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი რამ გაგეკეთებინათ თქვენივე დაბადების დღეზე?
დაბადების დღეზე 100 ლარი მაჩუქეს, ძალიან მენატრებოდა მოხუცების ბედნიერების დანახვა, ისე ,როგორც ამას ვხედავდი სხვა საქველმოქმედო აქციებზე, ამიტომაც დავრეკე თონეში, ავიღე 150 პური და წავედი თელავის ცენტრში, პურის დასარიგებლად. სამსახურში შესვენება მქონდა აღებული ერთ საათიანი, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ როცა გაიგეს, თუ სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, მაპატიეს.
განაპირობა, თუ არა რამე კონკრეტულმა შემთხვევამ თქვენი ინსპირაცია მსგავსი აქციის ჩასატარებლად?
რაიმე კონკრეტული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მიხარია, როცა გაღიმებულ, ბედნიერ მოხუცებს და გაჭირვებულ ადამიანებს ვხედავ, მიხარია, როცა შემიძლია მათი მცირედით დახმარება.
გიერთდებიან, თუ არა თქვენი მეგობრები, ნათესავები ამ კეთილ საქმეში?
მსგავსი საქმიანობის დასაწყისში სრულიად მარტო ვიყავი, ეტაპობრივად გამოჩნდნენ ჩემნაირი ახალგაზრდები და მათაც გამოთქვეს სურვილი სიკეთეების კეთებისა. პერიოდულად ვეხმარებოდით პროდუქტებით გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, განსაკუთრებით პანდემიის დროს. მაგალითად, ჩვენს სოფელში ერთ კაცს სახლი დაეწვა და ახალგაზრები გავერთიანდით და დავეხმარეთ. რაც შეეხება ბოლო, პურის დარიგების აქციას, ეს ჩემი პირადი ინიციატივითა და ორგანიზებით მოხდა.
საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ სხვა საქველმოქმედო აქციები. მოგვიყევით, რას გულისხმობთ ამაში?
როგორც უკვე ვახსენე, ჩემი სოციალური და სამოქალაქო აქტიურობა 2012 წლიდან დაიწყო, როცა ფეისბუქზე ჯგუფი გავაკეთე და ჩემი სოფლის მოსახლეობას ვეხმარებოდი, გარდა ამისა, სწორედ ამ გვერდის წყალობით, სოფლისთვის არაერთი კარგი საქმე გაკეთდა. მნიშვნელოვანი და კარგი საქმეები გავაკეთეთ, ჩემი თანასოფლელის ვალერი ნადირაშვილის დახმარებით. 2020 წელს, როცა პანდემია გამოჩნდა, არაერთ ადამიანს დასჭირდა დახმარება. სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით სოფელში უფასო პირბადეები დავარიგეთ, გარდა ამისა პანდემიის დაწყებისას, 32 ოჯახთან 4 თვის განმავლობაში მიმქონდა პური, სამსახურის შემდეგ-კომენდატის საათამდე. შემდგომ საშვი მქონდა და კომენდანტის დროს თელავში ჩამქონდა წამლები. პირველი მსგავსი აქცია, პურის დარიგებისა, შარშან, 31 დეკემბერს გავაკეთე, თუმცა ცოტა არაორგანიზებული აღმოჩნდა,პური ისეთებმა წაიღეს, ვისაც არ ეკუთვნოდა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბოლო აქციაზე აღარ მქონია.
გთხოვთ, რამდენიმე სიტყვით, მიმართოთ საზოგადოებას, ახალგაზრდებს. რატომ არის სიკეთის უანგაროდ კეთება მნიშვნელოვანი, რას ეტყოდით მათ?
სიკეთის კეთებაზე დამოკიდებული გავხდი, ნარკოტიკივით იქცა ჩემთვის. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. ორი შვილი მყავს, ხომ გესმით რამხელა ბედნიერებას მანიჭებენ ისინი, თუმცა როდესაც იმ მოხუცის თვალებს უყურებ, რომელსაც პურზე საზრუნავი აღარ აქვს იმ დღეს, ამაზე დიდი სიხარული, არ ვიცი, რა უნდა იყოს. შეძლებული ოჯახი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ როცა სურვილია, ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. საზოგადოებას, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ აკეთონ სიკეთე და არ დაელოდონ შედეგს. შედეგია სწორედ მოხუცების, გაჭირვებულების გაღიმებული, ცრემლიანი თვალები. არ არის აუცილებელი დიდი ბიუეტი, მთავარია მონდომება და წრფელი გული ამ საქმის საკეთებლად. სიკეთის კეთება უდიდესი ემოციაა, რომელიც უნდა განიცადო აუცილებლად. სიკეთე შობს სიკეთეს და საბოლოოდ დიდ სიყვარულს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა