თითქმის 2 თვის თავზე იმ დღიდან, როდესაც ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობას ოფიციალურად აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, ცნობილი ხდება, რომ ინვესტორმა, შესაძლოა, პროექტის მშენებლობა გააგრძელოს.
„რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ, აცხადებენ, რომ თუკი „ენკა“ პროექტში დარჩება, ეს დაადასტურებს, რომ კომპანიამ „წინასაარჩევნო პოპულიზმში“ მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 15 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვა, რომ „ენკასთან“ მოლაპარაკებები გრძელდება და დასძინა:
„თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე, მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით“.
თურნავას თქმით, „ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“ და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
მინისტრს სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. მხოლოდ განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“.
ამასთან, ნათია თურნავამ თქვა, რომ კომპანიის მხრიდან მსგავსი „შემხვედრი სურვილიც სახეზეა“.
შეგახსენებთ რომ, 2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.