დღეს ამ მასალაში ერთ ამბავს შემოგთავაზებთ – ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოუტანა ერთ ადამიანს წარმატება ბიზნესმა, რომელიც მან აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო. “თბილისი თაიმსი” ნინო შოშიაშვილის შესახებ გიამბობთ
წლების მანძილზე არაერთი სამსახურის გამოცვლის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გამომეცადა თავი და საკუთარი ბიზნესიდან ჰქონოდა შემოსავალი. ნინომ ჯინჯერის ორცხობილების წარმოება დაიწყო, რამაც გაამართლა.
“ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მინდოდა საკუთარი საქმის წამოწყება. მივხვდი, იმ ასაკში არ ვიყავი, რომ კარიერაზე მეზრუნა – უკვე უნდა მქონოდა შემდგარი კარიერა. ეს იყო სამი წლის წინ. მინდოდა საკუთარი საქმე, თუმცა, ამისთვის არ მქონდა თანხები. ცხობა მეხერხებოდა ბავშვობიდან, ჩემი ორცხობილების გასინჯვის შემდეგ, არაერთმა მითხრა, რომ უნდა გამეგრძელებინა ეს საქმე. მინდოდა, მინანქრით მოხატული ორცხობილები საქართველოში ხელმისაწვდომი ყოფილიყო და გადავწყვიტე, ამისთვის მიმეღწია”.
ნინო იმ სირთულეებზეც გვიამბობს, რომლებსაც ის პირველი ნაბიჯების გადადგმისას წააწყდა. აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის კუთხით არაერთი სირთულე ჰქონდა – დაგეგმარება, სანდო გუნდის შერჩევა, ფინანსების გადანაწილება და ა.შ.
“ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდი. ვინაიდან დამოუკიდებლად ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას. ინტერნეტში ხშირად რეცეპტები არასრულყოფილად არის გავრცელებული.
გარდა ამისა, არც ის ვიცოდი, სად გამეყიდა, როგორ, ვისთვის შემეთავაზებინა – როგორ შემეფუთა და ა.შ. ნელ-ნელა დავხვეწე, როგორ მიმეწოდებინა მოომხმარებლისთვის პროდუქტი სწორად”.
ის, უკვე დღეს, წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი იყო სწორი და დროული – მე მაშინ ამისთვის მზად ვიყავი. სანამ ამ საქმიანობას წამოვიწყებდი, მე გავიარე ზოგადი მენეჯმენტის კურსი “ჯიპა”-ში, რაც ძალიან დამეხმარა, მოტივირებული გამხადა.
ახლა რა ეტაპზე ხართ?
ამ სამი წლის განმავლობაში განვითარების საუკეთესო ეტაპზე ვარ. უკვე ვიცი ჩემი საქმე და ვარ თავდაჯერებული. გარდა ამისა, გადავწყვიტე, მივიღო განათლება საკონდიტრო მიმართულებით და ვსწავლობ საკონდიტრო სკოლაში. ასევე, ვატარებ ჯინჯერის ორცხობილების მოხატვის მასტერკლასებს. მყავს ჩემი გუნდი, რომელსაც ვაფასებ და ვენდობი. რაც შეეხება ორცხობილებს, მათზე უკვე ისეთი მოთხოვნაა, მომზადებას ძლივს ვასწრებთ, განსაკუთრებით, წინასაახალწლო პერიოდში.
სამომავლოდ ვაპირებ, გავხსნა ჩემი სტუდია, სადაც გვექნება მასტერკლასები. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ონლაინ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ