საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ ჩვენს ქვეყანაში 1.3 პროცენტი, წლიური ინფლაციის დონემ კი 12.8 შეადგინა.
მათ შორის, აღნიშნული მოცემულობა აისახა ბავშვთა კვებასა და საბავშვო საფენებზეც – ღირებულებამ იმატა.
საკითხს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე აფასებს.
“აქ საქმე გვაქვს იმპორტის გაძვირებასთან. ფაქტობრივად, კოვიდპანდემიამ ძირეულად შეარყია ტრადიციული, ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამეურნეო ეკონომიკური კავშირები და მათი ხელახალი აღდგენა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს უკავშირდება როგორც ტრანსპორტირების გაძვირებას, ისე – თვითონ საქონლის წარმოების გაძვირებას. ამას დავუმატოთ პოლიტიკური არასტაბილურობა, რის გამოც საქონლის რეალიზატორებს საბოლოო საცალო ფასში შეაქვთ გაურკვევლობის ფაქტორი, ე.წ. უსაფრთხოების ბალიშის უზრუნველსაყოფად – ანუ საკუთარ აქტივებს აზღვევენ მოვლენების შესაძლო, არასასურველი განვითარებისგან.
ფაქტობრივად, ის ინფლაცია, რაც დაფიქსირდა, გაცილებით ნაკლები იქნებოდა, პოლიტიკურ არასტაბილურობას რომ არ ჰქონდეს ადგილი. როგორც ექსპერტი, ვიტყვი, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა არაუმეტეს 9-10 პროცენტისა. ფაქტობრივად, 3-4 პროცენტი წაუმატა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ინფლაციას”, – აღნიშნავს ექსპერტი.
როგორც არჩვაძე განმარტავს, ეს ყველაფერი, უპირველესად, საშუალო-და დაბალშემოსავლიან ოჯახებზე ახდენს გავლენას.
“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს, პირველ ყოვლისა, შეეხებათ საშუალო- და დაბალშემოსავლიან კატეგორიას, რომელსაც მიეკუთვნებიან სწორედაც ახალგაზრდა ოჯახები.
ერთადერთი გამოსავალი გახლავთ შიდა ოჯახური სახსრების გადანაწილება. მათ არ შეუძლიათ უარის თქმა ბავშვების საფენებსა და საკვებზე. თუმცა, თუ, პირობითად, თეატრში დადიოდნენ თვეში ერთხელ, უნდა წავიდნენ ორ თვეში ერთხელ. პლუს, არის საშუალება, მეტი იშრომონ და სამუშაო ხანგრძლივობა იყოს 9-10 საათი”, – ამბობს იოსებ არჩვაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ