რა არის კვებითი აშლილობა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორ არის შესაძლებელი მისი მართვა – ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური და მის ირგვლივ შეკითხვაც არაერთია. არსებობს რამდენიმე მოცემულობა, რისი ცოდნაც სასურველია, რათა შევძლოთ მდგომარეობის რეგულირება.
დეტალურად, “თბილისი თაიმსს” ფსიქიატრი, ქეთევან აბდუშელიშვილი ესაუბრა.
“კვებითი აშლილობა გახლავთ ერთერთი სახე ფსიქიკური აშლილობის, რომელსაც აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმა. ეს არის ფსიქოლოგიური პარადიგმა და სომატური პარადიგმა – ვინაიდან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და კვების კატეგორიული და უკიდურესი შეზღუვდა იწვევს სომატური ფუნქციების მნიშნელოვან მოშლას. უკვე მეორადად, ეს მოშლა იწვევს გარკვეულ სტრუქტურებში გარკვეულ ძვრებს, რომლებიც კიდევ დამატებით იწვევს ფსიქოლოგიურ სირთულეებს. ამიტომ, ამ აშლილობების მართვა ძალიან სპეციფიკურია და ძალიან დიდი როლი აქვს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც შედის როგორც ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი თერაპევტი და ა.შ. ასევე, გვერდითი სომატური გართულებების სამართავად – სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები.
იმის მიხედვით, რამდენად რთულად არის სომატური მხარე დაზიანებული, თუ რომელი არის წამყვანი, შესაბამისად, გუნდის ეს მხარე არის უფრო აქტიურად ჩართულ”, – განმარტავს აბდუშელიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობა არის სამღერძიანი: ბიოლოგიური ფაქტორებით, ფსიქოლოგიური ფაქტორებითა და სოციალური ფაქტორებით გამოწვეული.
რესპონდენტი კვებითი ქცევის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
“მიზეზებს რაც შეეხება – თავდაცვითი ქცევა, რომელიც მრავალფაქტორულია. ხშირად ეს აშლილობები იწყება მოზარდობის ასაკში. ეს გახლავთ რამდენიმე სახის: გამოიხატება ნევროზული ანორექსიით, ნევროზული ბულიმიით და ჭარბი კვების აშლილობით. სამივესთვის დამახასიათებელია ორი მთავარი კომპონენტი, რომელიც ძალიან ფაქიზი განსასხვავებელია სტანდარტისგან – ეს ორი კომპონენტი გახლავთ: 1. კვებაზე (საკვებზე ფიქრზე) გადაჭარბებული ფოკუსირება და 2. წონის კონტროლზე გადაჭარბებული ფოკუსირება. ძალიან ფაქიზია ზღვარი, სად არის გადაჭარბება. მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ, საიდან იწყება აშლილობა მაშინ, როდესაც, მაგალითად, ოჯახში მიღებულ ნორმადაა აღიარებული ჯანსაღ კვებაზე ფოკუსირება”, – განმარტავს ფისიაქტრი და თითოეულ შემთხევაზე საუბრობს.
“ანორექსიის შემთხვევაში არის წონის მომატების გადაჭარბებული შიში. ძირითადი განსხვავება ანორექსიასა და ბულიმიას შორის არის ის, რომ, პირველის შემთხვევაში, იმდენად შეზღუდულია კვების პატერნი და გამანეიტრალებელი ქცევები, რომ პაციენტის სხეულის წონა არის ძალიან დაბალი.
ბულიმიას ახასიათებს ორი კომპონენტი – ერთი გახლავთ სხეულის ფორმის მოშლა და მეორე – სირცხვილისა და დანაშაულის განცდა ჭარბი წონის ეპიზოდებიდან გამომდინარე. ჭარბი წონის ეპიზოდები არ გახლავთ ჩვეულებრივი ნაყროვანება – ეს არის ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი საკვების მიღების ეპიზოდები, რასაც ადამიანები, ჩვეულებრივ, ვერ უმკლავდებიან. ამას მოყვება დანაშაულისა და სირცხვილის განცდა. ჭარბი კვების აშლილობა არის ბულიმიის მსგავსი, რაც ხასიათდება ჭარბი წონით, თუმცა, ანორექსიისა და ბულიმიისგან განსხვავებით, მას არ ახლავს გამანეიტრალებელი ქცევები, როგორიაა ღებინება, აკრძალვა, ვარჯიში… “, – ამბობს ქეთევან აბდუშელიშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ