საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის, პენსიონერები, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. აღნიშნული ქვეყანაში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, აღნიშნული კამპანია შეეხებათ 60 წელს ზემოთ მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ იანვრამდე აიცრებიან.
როგორც ყველდღიური სტატისტიკიდან ჩანს, ზემოხსენებულ კამპანიას შედეგი უკვე მოყვა – ყოველდღიურად შედარებით მეტი ადამიანი იცრება, განსაკუთრებით, მითითებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები.
საკითხის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება “თბილისი თაიმსმა” ორ პენსიონერს სთხოვა. როგორც 76 წლის მარიამ ჯავახიშვილი ამბობს, აცრას ის მაინც არ აპირებს,
“რა აზრზეც ვიყავი, იმავე აზრზე ვარ. როგორ შეიძლება, 200-მა ლარმა აზროვნება შემიცვალოს. არც მეცნიერებს ვეწინააღმდეგები, არც ჯანდაცვის სპეციალისტებს. ჩემი შვილები, შვილიშვილები აცრილები არიან. მე მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ, ისინი კი – ჩემთვის. არც ვაქსერი ვარ, არც ანტივაქსერი, უბრალოდ, საჭიროდ არ ვთვლი, რომ ავიცრა – დიაბეტი მაქვს, მეშინია კიდეც – რომ ავიცრა და ცოცხალი ვეღარ გამოვიდე? ჩემნაირი დაავადების მქონესთვის ვერც 200 ლარი იქნება სტიმული და ვერც 1 000. კი ამბობენ, რომ დიაბეტის გამო უნდა ავიცრა ზუსტადაც, მაგრამ, აბა, შიში რომ მაქვს, რა ვქნა? გავიგე, ჩემი ასაკის ბევრ ადამიანს უსარგებლია ამ კამპანიით – საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას”.
თინიკო ჯანიაშვილი 67 წლისაა. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩაიტარა.
“დიახ, ამ წამახალისებელმა ნაბიჯმა ჩემზე იქონია გარკვეული გავლენა. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მაინც ვაპირებდი აცრას, თუმცა, რატომღაც, დროში გაჭიანურდა ეს. საპენსიო დანამატმა, შეიძლება ითქვას, უკვე გადამწყვეტი ნაბიჯი გადამადგმევინა. მე ვაქცინაციის მომხრე ვარ. ახლა ეს თუ შეუნარჩუნებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს. ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს მთავრობა იმისთვის, რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე აიცრას. რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რაც, ასე თუ ისე, გავლენას ყველა ადამიანზე მოახდენს. მე მჯერა, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მთავარია, ერთმანეთზე ვიზრუნოთ.
ცნობისთვის, 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აცრილი პენსიონერები კუთვნილ საპენსიო დანამატს 2022 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებენ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ