არსებულ რეალობაში, როდესაც კოვიდპანდემია კვლავ მძვინვარებს, ერთერთ, ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია წარმოადგენს. მშობლებს არაერთი კითხვა აქვთ და სურთ, ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, რა შემთხვევაში უნდა აიცრას ან არ უნდა აიცრას მათი შვილი. პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მშობლებს მოუწოდებენ, საკუთარი შივილები გრიპის ვაქცინით აცრან.
საკითხზე “თბილისი თაიმსს” მედიცინის დოქტორი, იმუნიზაციის ტექნიკური და ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი, თეიმურაზ მიქელაძე ესაუბრა.
მიმდინარე სეზონზე და კორონავირუსის პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია და, ასე ვთქვათ, დამცველობითია გრიპის ვაქცინა?
გრიპის ვაქცინა ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია და ის, პირველ ყოვლისა, უნდა გაუკეთდეს რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებს. სახელმწიფომ წელს შემოიტანა 200 000 დოზა ვაქცინა, რომელიც უფასოდ უტარდებათ სწორედ რისკ ჯგუფის პაციენტებს. მათთვის ორივე ვირუსით ერთდროული ინფიცირებისას შეიძლება, დაავადებების მართვა გართულდეს და ფატალურადაც დასრულდეს.
იმ მოზარდების შემთხვევაში, ვისთვისაც რეკომენდებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 12 წლის ასაკიდან. ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ვხელმძღვანელობთ ამერიკული და ევროპული რეკომენდაციებით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაინც მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა იყოს, რადგან მოზარდთა ვაქცინაციას პანდემიის მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა, აუცილებელია.
ზოგადად, ამ მხრივ, რას ურჩევთ მშობლებს?
ჩვენ, ექიმები არასოდეს მშობლებს არ შევთავაზებთ მათი და ჩვენი შვილებისათვის რაიმე საზიანო რეკომენდაციებს. ვაქცინა არის უსაფრთხო, მათ გამოყენებას ბავშვთა ასაკში რეკომენდაციას აძლევენ ევროპული და ამერიკული მკაცრი მარეგულირებლები, რომელებიც ეყრდობიან მაღალი დონის მტკიცებულებებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ