საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 6 მაისს – მისი თავისკვეთისა და წმინდანად შერაცხვის, ხოლო 23 ნოემბერს ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან, ქართული ეკლესია თვლის, რომ წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება. წმინდა დიდმოწამე გიორგი მრავალი ქვეყნის მფარველადაა მიჩნეული, მათ შორის, ინგლისის, ეთიოპიისა და საქართველოს.
წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული და რომის იმპერიის მსახური იყო, რომელმაც ქრისტიანობა საკუთრ რელიგიად აღაიარა, შემდეგ კი ამავე სარწმუნოებისათვის ეწამა.
წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი იყო. თუმცა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდგომ იმპერატორს განუდგა. დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ქრისტიანობას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა იმპერატორის ბრძანებას, სიკვდილით უნდა დასჯილიყო.
მრავალი სასწაული უკავშირდება წმინდა გიორგის სახელს. მისი თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის ცნობით, წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა სწორედ მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს, თუ როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.
ხატებზე გამოსახული წმინდა გიორგი, რომელიც მახვილით კლავს მხეცს. ქრისტიანული სახისმეტყველების მიხედვით, არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა