უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც, კოვიდრეალობიდან გამომდინარე, ადამიანების ყოველდღიურობა, გეგმები მუდმივად იცვლება. მათ შორის, მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი გახლავთ ონლაინსწავლება. აღნიშნულ მეთოდს, უფრო მეტად, აფასებენ, როგორც “არაეფექტურს”.
როგორია რეალობა – რა შედეგებზეა შესაძლებელი საუბარი და სად არის ზღვარი ფორმალობასა და არაფორმალობას შორის – “თბილისი თაიმსთან” საუბრისას საკითხს განათლების სფეროს ექსპერტი, შალვა ტაბატაძე აფასებს.
“ეფექტური იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალური გააკეთეს სკოლებმა და მასწავლებლებმა. მაგალითად, ორი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ისინი ამას შეძლებდნენ. ამ მხრივ პოზიტიურად განვითარდა პროცესი. იგივეა, შეიძლება, უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით – ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ პროფესორთა დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებას უზრუნველყოფდა. შედეგს რაც შეეხება – რა თქმა უნდა, შედეგი, ბუნებრივია, იქნებოდა ბევრად დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივ – საკლასო და სააუდიტორიო პირობებში”, – განმარტავს ექსპერტი და შესაბამის ფაქტორებს უსვამს ხაზს.
“ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველი – ცალსახაა და ყველამ კარგად ვიცით, რომ დასწრება არ იყო მაღალი. განსაკუთრებით – მაღალ კლასებში. ეს პედიოდი მათ, უფრო მეტად, რეპეტიტორებისთვის გამოიყენეს. მეორე – ზოგიერთ შემთხვევაში, დასწრება იყო ფორმალური. მოსწავლეები ფორმალურად რეგისტრირდებოდნენ, თუმცა, რეალურად, გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. და მესამე – მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი ფიზიკურად ტარდებოდა, მასწავლებლები ამ ტიპის სწავლებისთვის მზად მაინც არ არიან. რეალურად, მათ უწევთ. მეთოდოლოგია შეცვალონ და აბსოლუტურად სხვა სისტემითა და სხვა ფილოსოფიით ასწავლონ. მათ შორის, პრობლემა გახლავთ, როდესაც მასწავლებლები მიყვებიან სასკოლო სახელმძღვანელოებს და 45-წუთიანი გაკვეთილები გადაიქცა 20-წუთიან გაკვეთილებად”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
როგორც განათლების სფეროს ექსპერტი განმარტავს, ბევრი ისეთი ჯგუფია, რომელსაც საერთოდ არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობებთან.
“გარდა ამისა, გახლავთ ჯგუფები, რომელთათვისაც საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი – დაახლოებით, 12-14 პროცენტი არის ასეთი და 10-12 პროცენტი, ვისაც არ აქვს მოწყობილობა. ეს ღიად ვიცით. ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, დიდ ჩამორჩენას იწვევს მოსწავლეებში. რეალურად, კი მაქსიმუმს აკეთებს, ერთი მხრივ, სისტემა და, მეორე მხრივ, მასწავლებლები, დირექტორები, მშობლები, თუმცა, ცხადია, მას არ აქვს ის შედეგი, რაც შეიძლება, ჰქონდეს. პოზიტიურია, რომ პირისპირ სწავლება მაინც ბევრგან მიმდინარეობს”, – ამბობს შალვა ტაბატაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ