ამბავი იმისა, თუ როგორ დაისახა მიზნად 11 წლის გოგონამ, თავისი ნიჭი და უნარი საკუთარი შემოსავლის წყაროდ ექცია. ამ ინტერვიუში “თბილისი თაიმსი” მია ზახაროვა–ოგანეზოვას გაგაცნობთ.
კიდევ უფრო მცირე ასაკში, მიამ ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯი გადადგა და ერთერთი სამხატვრო სტუდიის წევრი გახდა. დროთა განმავლობაში, ის მიხვდა, რომ ისეთი ნივთებიდანაც არის შესაძლებელი ნამუშევრების შექმნა, რაც ბევრისთვის უკვე აღარ არის ვარგისი.
ხუთი წლის ასაკში მშობლებმა შემიყვენეს სამხატვრო სტუდიაში – „მხიარული ფერები“, სადაც მასწავლეს ჩემი იდეების გადმოტანა ფურცელზე. სტუდიაში ასევე ვსწავლობ ძერწვას, ბატიკას. იქ ვგრძნობ თავს ძალიან თავისუფლად და ბედნიერად.
დეტალურად რომ გვითხრათ, რას ამზადებთ?
მე ვარ მია. დავიბადე თბილისში 2010 წელს. ძალიან მიყვარს ხატვა. წელს გადავწყვიტე, ჩემი ჰობი შემოსავლის წყაროდ მექცია და წამოვიწყე ხელნაკეთი სანიშნების სტარტაპი – „იკითხე“. ყველა სანიშნე ხელნაკეთია, ვხატავ საღებავებით და ტუშით აკვარელის სქელ ქაღალდზე. არცთუ ისე დიდი ხნის წინ “იკითხეს“ ასორტიმენტში დავამატე ნაფოტის ხელნაკეთი სახლუკები ინტერიერის დეკორისთვის. ახლა კი ვმუშაობ საახალწლო კოლექციაზე – ნაძვის ხის სათამაშოებსა და საახალწლო კომპოზიციებზე. ხშირად ჩემს შემოქმედებაში ვიყენებ ერთი შეხედვით გადასაყრელ ნივთებს – ზღვიდან გამორეყილ ნაფოტს, კაკლის ნაჭუჭს, რკოებს და ჩაის გამოყენებულ პაკეტებსაც კი.
დიდი ხანია, რაც მსგავს ნამუშევრებს ქმნით?
პატარაობიდან ხელოვნებით ვარ დაინტერესებული. სახლში ბევრი ხელნაკეთი ნივთი, ნახატი და აქსესუარი მაქვს. სულ მინდოდა, მსავსი რაღაცების კეთება. 5 წლისას მშობლებმა ხატვაზე შემიყვანეს და იმის მერე შემოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილიც გახდა.
რას ნიშნავს თქვენთვის მზადების პროცესი?
სანიშნეების კეთება არის იგივე ხატვა. მე კი ხატვის გარეშე არ შემიძლია – ხატვა მამშვიდებს და მაბედნიერებს. სანიშნეებს ვხატავ თავისუფალ დროს, რადგან დიდ დროს სწავლას ვუთმობ. შთაგონება შეიძლება, ნებისმიერ მომენტში მომივიდეს – გაკვეთილის დროს, ფორტეპიანოზე დაკვრის დროს, სეირნობისას. იმ მომენტში თან თუ არ მაქვს ფანქარი, ვცდილობ იდეის დამახსოვრებას, რომ მერე ის რეალობად ვაქციო. იდეა თუ მომივიდა, მერე მთელი დღე ამ იდეის რეალიზებაზე ვფიქრობ, სანამ ფურცელს და ფანქარს არ ავიღებ ხელში და ხატვას შევუდგები.
მათ რა მიზნით ქმნით?
მინდოდა, მშობლებისგან დამოუკიდებლად მქონოდა შემოსავალი. „იკითხე“ არის ჩემი პირადი შემოსავლის წყარო. სხვა ხელნაკეთ ნივთებს, ნახატებს და სანიშნეებსაც ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და პირადი მოხმარებისთვისაც ვაკეთებ. როგორც უკვე ვთქვი, ეს შემოქმედებითი პროცესი მაბედნიერებს. სახლებითა და სანიშნეებით მე ჩემს კლასელებსა და ახლობლებს ვახარებ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ