კოვიდპანდემია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყველას, განურჩევლად ასაკისა, გვაქვს “ვალდებულება”, ვებრძოლოთ და ვმართოთ ის. ამ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს საკუთარ შვილთან, რათა მას შიში გაუქარწყლოს და, ამავდროულად, ბავშვი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმირებული იყოს.
“თბილისი თაიმსთან” საუბრისას საკითხს ფსიქოლოგი, მაია ცირამუა განიხილავს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ბავშვს ასაკი აძლევს ამის საშუალებას, ჰქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებითია ფიზიკური დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება… ასევე, თუ ასაკი შესაბამისია, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. არათუ ბავშვები, ხშირად მათი მშობლებიც კი უარს ამბობენ აცრაზე. ანტივაქსერული პოზიცია უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე – მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რამდენად იცავს ვაქცინა ადამიანებს კოვიდპანდემიისგან”, – განმარტავს მაია ცირამუა.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, მეცნიერულად დასაბუთებულ პრევენციის საშუალებებს ნამდვილად შეუძლია, ბავშვი დაიცვას წინასწარგანწყობებისგან, რომ ის შესაძლოა, დაავადდეს.
ცირამუა განიხილავს, როგორც უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთვევაში, თუკი მისი შვილი კორონავირუსით დაავადდება.
“იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს უდასტურდება კორონავირუსი, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ემოციური მხარდაჭერა. ამაში რას ვგულისხმობ – თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი ძალიან შეშინებულია, არ არის მყარად და იმყოფება ძალიან მაღალი სტრესის ქვეშ, ეს ავტომატურად აისახება მასზე.
ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც ემოციური ფაქტორი ძალიან ცვლის თვითონ დაავადების დინამიკას. ამიტომ, აუცილებელია მისი გამხნევება, მხარდაჭერა – თუნდაც სუნთქვითი სავარჯიშოები, რომლებიც ამ დროს თვითონ დაავადებას წაადგება, შფოთვის შემცირებაზეც ძალიან კარგად აისახება. იმის ცოდნაც, თუ როგორ იმართოს დაავადება, მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. როდესაც დედ-მამა მყარადაა, ეს თავისთავად აისახება შვილზეც”, – ამბობს მაია ცირამუა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ