1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვს ყველას, ვინც ორჯერადად არის ვაქცინირებული, ჩატარებული აქვს ბოლო 24-საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი, 72-საათიანი PCR-ტესტი, ან კოვიდი გადაიტანა.
კოვიდ-გადატანილებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამ როგორც საზოგადოებაში, ისე სამედიცინო სექტორში კრიტიკა გამოიწვია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეის გადაწყვეტილებით, არსებობს ორი „მწვანე პასპორტი“, შიდა და გარე მოხმარების. საქმე ისაა, რომ საქართველოში მწვანე პასპორტი ენიჭება ადამიანს, თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, უცხოეთის პრაქტიკა კი ძირითადად “მწვანედ” ცნობს იმ პირს, რომელმაც ბოლო 6 თვეში გადაიტანა ვირუსი. შესაბამისად, როგორც ჩანს, საჭირო გახდა 2 მწვანე პასპორტის ამოქმედება ქვეყანაში.
„მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ადამიანებს ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მოწოდება არის ე.წ. სტიმული, რომ წავიდნენ და აიცრან. დღეს როგორი გადაწყვეტილებაც არის, ორნაირი „მწვანე პასპორტი“ მოქმედებს, ერთი შიდა მოქმედებისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს ვირუსი, მწვანე სტატუსი აქვს, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით QR-კოდში, რომელიც საზღვარზე მოწმდება, ცოტა სხვა საკითხია, იქ მწვანედ ითვლება ბოლო 6 თვეში გადატანილი ვირუსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Bm.ge-ს კითხვაზე, არსებობს თუ არა მსოფლიოში ქვეყანა, სადაც კოვიდ-გადატანილებს უვადო მწვანე სტატუსი აქვთ, გამყრელიძე პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ძირითადად ქვეყნებს 6-თვიანი, ან 1-წლიანი ვადა აქვთ. მორიგ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ პრემიერი ვერ დაარწმუნეს, გამყრელიძე პასუხობს: „ბევრ ქვეყანაში არის შიდა მოხმარების ე.წ. საბუთები და არის ე.წ. გარე მოხმარების. ზოგიერთ ქვეყანას აქვს 12-თვიანი ბუსტერი, ჩვენ გვაქვს 6-თვიანი და ა.შ.“
რაც შეეხება იმას, მოლებში რატომ არ არის საჭირო „კოვიდ პასპორტი“ NCDC-ს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სავაჭრო მოლებში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცულია რეკომენდაციები, ზომავენ სიცხეს, ამიტომ ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტი“ დიდ მოლებს არ ეხებათ.
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, თუმცა ტესტი არ ჩაუტარებიათ, რის გამოც, ბაზაში არ არიან, გამყრელიძე განმარტავს, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.