Hill Inn – ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც მომხმარებელს ჯადოსნურ დასვენებას ჰპირდება. საოცარ ბუნებაში, საოცარ პირობებში და, რაც მთავარია, ყოველდღიურობისგან შორს.
სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. ის 2020 წლიდან ფუნქციონირებს. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” მაია ვერძაძე ესაუბრა.
რა ტიპის სასტუმროა “ჰილ ინნ”?

ეს არის ლაქშერი კემპინგის სივრცე მაღალმთიან აჭარაში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კემპინგის ნაირსახეობას. დავიწყეთ ტენტებით, გვაქვს ორი ტენტი და შემდეგ დავამატეთ ორი – ხეზე სახლი. ხეზე სახლის პრეცედენტი, სასტუმროსი, მე აქამდე არ შემხვედრია. ესეც კემპინგის ნაირსახეობაა. სულ იმას ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ არის კოტეჯი. ახლა კიდევ გვაქვს იდეაში განთავსების ორი ობიექტის დამატება, რომელიც უკვე არსებულისგან განსხვავებული ტიპის იქნება.
მსგავსი ტიპის სხვა სასტუმროებისგან ის რით განსხვავდება?

სხვებისგან ალბათ იმით განვსხვავდებით, რომ სასტუმრო აბსოლუტურად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. მომხმარებელი იდეალურად ახერხებს განტვირთვას. პლუს, ყველა ნომერი გათვლილია ისე, რომ ადამიანს მხოლოდ კარგ გარემოში დაძინებას არ ვთავაზობდეთ. გათვლა გვაქვს ტერასებზე. ორივე ტენტს აქვს ძალიან კარგი ტერასები და ჰამაკები – ეს უკანასკნელი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, პირველები ვიყავით საქართველოში, ვისაც ჰამაკი გვქონდა. უკვე შემდეგ, რამდენიმე სასტუმრომ დაამატა, რასაც აბსოლუტურად მივესალმებით.
რა მომსახურებას სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ორივე სახლს აქვს ორი საძინებელი, თუმცა, ორივე მათგანს აქვს ძალიან დიდი ტერასა. ადამიანი ნომერში რომ ადის, ფაქტობრივად, იქედან გამოსვლას აღარ საჭიროებს იმისთვის, რომ შეძლოს ბუნებით ტკბობა. ტერასაზე გამოსულს უკვე აქვს რამდენიმე ტიპის გასართობი; ჰამაკი, ჯაკუზი, აბაზანა ღია ცის ქვეშ და ა.შ. გვაქვს ასევე ნეიტრალურ სივრცეში საუნა. ასევე, დამატებით სერვისში გვაქვს ჩილიმი, რაც არ არის ხოლმე ჩვენი ტიპის სასტუმროებში. ზაფხულში ის პაკეტში შედის.
მომსახურებაში კვებაც შედის?

მომხმარებელს არ ვთავაზობთ კვების სერვისს. მათ შორის, არც საუზმეს. თუმცა, ყველა ნომერი არის დეტალებში აღჭურვილი იმისთვის, რომ მომხმარებელმა დამოუკიდებლად მოამზადოს კერძები. სასტუმრო, იდეაში, კემპინგის სივრცეა – თუმცა, გათანამედროვებული ვარიანტი. მგონია, რომ როდესაც ადამიანი ბუნებაში ამ მიზნით მიდის, მისთვის ფუსფუსს ცალკე “მუღამი” აქვს. ამიტომ არ ვთავაზობთ კვების სერვისს. თუმცა, არის ამის მოთხოვნა. ურჩევნიათ, ამისთვის დრო და ენერგია არ დახარჯონ. სწორედ ამიტომ, გვაქვს საუკუნოვანი სახლი და აქ უნდა გამოვყოთ სივრცე სამზარეულოსთვის. გაკეთდება პატარა რესტორანი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ