„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა. დიდი იმედები, მოლოდინები, უკეთესი ყოველდღიურობის მოლოდინი იყო ის ემოციები, რითაც მაშინ მოსახლეობა გახლდათ შეპყრობილი. ახლა, 18 წლის თავზე, ვითარება ასეთია – „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშია.
„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას, საკითხს ისტორიკოსი, მიხეილ ბახტაძე აფასებს.
„იმ დროს, 2003 წელს, პრინციპში, გამოდიოდა ისე, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ თავის თავი ამოწურა. რა თქმა უნდა, მის დროს ბევრი რამ გაკეთდა, ბევრიც ვერ გაკეთდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ხელისუფლებას განახლების საშუალება აღარ ჰქონდა. როდესაც სისტემა საკუთარი თავის განახლებას ვერ ახერხებს, ხდება ხოლმე კატაკლიზმები. და მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდეთ “ვარდების რევოლუცია”. ობიექტურად, ეს განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ვითარებით და, ზოგადად, მოსახლეობის განწყობით. ეს აშკარად ფაქტია. საჭირო იყო ცვლილებები“, – განმარტავს ისტორიკოსი.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ რაღაც მხრივ გაამართლა, რაღაც მხრივ – ვერ გაამართლა.
„რაღაც მხრივ გაამართლა, რაღაც მხრივ ვერ გაამართლა. ცალსახად შეფასება რთულია. რა თქმა უნდა, ვერ გაკეთდა ბევრი რამ. ბევრიც აღმოჩნდა, რომ ცუდად გაკეთდა – დაშვებულ იქნა შეცდომები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში დანაშაულამდეც კი მივიდა. თუმცა, ვიმეორებ, ის იყო ობიექტურად განპირობებული, რაც მოხდა. იყო ძალიან დიდი იმედები – ალბათ, იმაზე მეტიც, ვიდრე შესაძლებელი იყო, რომ გაკეთდებოდა. ამ მხრივ, ალბათ, ხელისუფლებაც სცოდავდა, რომ იმაზე მეტ დაპირებასა და იმედს იძლეოდა, ვიდრე, რეალურად, შეეძლო“, – ამბობს ისტორიკოსი და აღნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლება რეალობას მოწყდა.
„ყველაზე ცუდი ალბათ ის იყო, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლება მოწყდა რეალობას და სიტუაციას ვეღარ აფასებდა ადეკვატურად. საბოლოოდ, ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა 2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება. მაგრამ, ზოგადად, იმის თქმა, რომ “ვარდების რევოლუციას” არაფერი მოუტანია, არასწორია. არაერთი მიმართულებით გამოსწორდა ვითარება, ბევრი თვალშისაცემი რამ გაკეთდა და გამოსწორდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის უკან იდგა შეცდომები და ზოგჯერ დანაშაულიც კი“, – ამბობს მიხეილ ბახტაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ