„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის ამ ინიციატივას საზოგადოებაში ძალიან გამოხმაურება მოჰყვა.
„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას, საკითხს ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე აფასებს.
„ამ საკითხს მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ უნდა შევხედოთ. ეს არის სოციალურ ეკონომიკური პრობლემა იმიტომ, რომ აზარტულ თამაშებში ჩართვის ჩვენი და ევროპული გამოცდილების განსხვავება არის შემდეგი – მაგალითად, ამერიკის რიგითი მოქალაქე კაზინოში შედის გასართობად, ადრენალინისთვის, მოგონებების გასამდიდრებლად. ჩვენთან კი მათი უმრავლესობა შედის იმ მიზნით, რომ, იქნებ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
სტატისტიკურად, მოგების თანხა დახარჯულ თანხასთან შედარებით შეადგენს, ასე 6-დან 8 პროცენტამდე. ფაქტობრივად, საშუალოდ, ძალიან დიდ ზარალზე გადის მოთამაშე. თანაც, როგორც წესი, აქ ხარჯების დიდი ნაწილი მოდის საშუალო და დაბალშემოსავლიან ადამიანებზე. ხოლო ვისაც სტაბილური შემოსავალი და კარიერული ზრდის პერსპექტივები აქვს, ის თავის დროს თვითგანვითარებას ახარჯავს“, – განმარტავს ექსპერტი.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, უმთავრესია, ახალგაზრდები საკუთარი უნარების განვითარებით დაინტერესდნენ.
„ჩვენ უნდა შევძლოთ, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდრები დავაინტერესოთ, მათ გაუჩნდეთ შრომითი საქმიანობის მოტივაცია და პერსპექტივა, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი ნიჭისა და უნარების განვითარებით გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწიონ.
ეკონომიკური ასპექტის განცალკევება სოციალურისგან რთულია. ორივე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა უნდა შევძლოთ“, – ამბობს იოსებ არჩვაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ