24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანია პოზიტიური კამპანია ყველა მხრიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.
„ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ არ არის დიდი ჯგუფი და ესეც არის ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით მუშაობა გვჭირდება იმ ჯგუფთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს მაგალითიც და გარკვეული ფინანსური ინტერესიც“, – ამბობს თამარ გაბუნია.
ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას ჰკითხეს, თუ დაარწმუნა ჯანდაცვის მინისტრი, რომ აიცრას? – მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის ხელშეწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ადამიანის დარწმუნება.
„ამ შემთხვევაში მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც ნამდვილად არ არის ეთიკური, ჩემი აზრით“, – ასე პასუხობს გაბუნია კითხვას, თუ რატომ არ იცრება მეორე დოზით ეკატერინე ტიკარაძე.
ამ პასუხის მიუხედავად, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, „რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის“.