მერი ბარაბაძე პროექტ “მასტერშეფის” მეექვსე სეზონის ნახევარფინალისტია. მან მაყურებლის დადებითი ემოციები იმის გამო დაიმსახურა, რომ სტაბილურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. მუდმივი ქების კვალდაკვალ, მან არაერთი ტური და რთული დავალება დაძლია.
“თბილისი თაიმსს” მერი თავად ესაუბრა და დეტალურად უამბო, რა გზა განვლო პროექტ “მასტერშეფამდე”.
მერი, რა პროფესიის ხართ?
პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. კულინარიის განხრით არაფერი დამიმთავრებია და არ მაქვს შესაბამისი განათლება. ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ კულინარი ვარ. უბრალოდ, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება. ამ პროცესით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. რაღაც კუთხით, ეს ჩემთვის ფსიქოლოგიაც არის, რადგან ადამიანში გარკვეულ ემოციებს აღძრავს. თითქოს, ყველაფერი გავაერთიანე – ჩემი ჰობი, ჩემი პროფესია…
როგორ მოხვდით პროექტ “მასტერშეფში?
ბევრჯერ მიფიქრია განაცხადის შევსებაზე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვბედავდი, თითქოს, ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორს იყო. საბოლოოდ, ის ჩემმა მეგობარმა შეავსო ჩემ ნაცვლად. ამის შესახებ მე არ ვიცოდი. რომ დამირეკეს და მითხრეს, “მასტერშეფიდან” გირეკავთო, ვუპასუხე, რომ მე განაცხადი არ მქონდა შევსებული. მითხრეს, რომ ის ჩემმა მეგობარმა შეავსო და გასაუბრებაზე მიბარებდნენ. ამ დროს უკვე ძალიან შემეშინდა. არც ვიცოდი, წავიდოდი გასაუბრებაზე თუ არა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ 12 მონაწილეში ვერ მოვხვდებოდი, ამიტომ გავბედე და კიდევ იმიტომ, რომ შემეშინდა, შემდეგ არ მენანა, ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ერთ გასაუბრებას მეორე მოყვა. შემდეგ უკვე ქასთინგზე დამიბარეს. ამ დღეს ძალიან ვინერვიულე.
როგორ შეაფასებთ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს?
ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. თავდაპირველად, შიში გადავლახე საკუთარ თავში – იქნებოდა ეს კამერებთან ურთიერთობა თუ იმაზე ფიქრი, ვინ როდის რას იტყოდა. შემდეგ უკვე ამ ნერვიულობამ დაიწია და სხვა რაღაცებზე დავიწყე ფიქრი. რაც მთავარია, ჩემს თავში გადავაფასე და დავაფასე რაღაცები. ეს პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა კულინარიისა, რით ხართ დაინტერესებული?
კულინარიის გარდა, ვხატავ. მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ, რატომღაც, აღარ ჩავაბარე. ეს ჩემთვის არის პროცესი, რომელიც სტრესს მიხსნის. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ ვხვდებოდი, რისი კეთება მიყვარდა ყველაზე მეტად. მკაფიოდ საკუთარ თავს ვერსად ვხედავდი. ახლა უკვე, თითქოს დავინახე ჩემი თავი, ყველაფერი, რისი კეთებაც მიყვარდა – გავაერთიანე. მიყვარს, როცა პროცესი გაძლევს საშუალებას, შენი ფანტაზია რაღაც სახით რეალობად აქციო, ეს ჩემთვის ხელოვნებაა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ