ყველა ადამიანისთვის საკუთარი ოთხფეხა მეგობარი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ. ამიტომ, გვაქვს სურვილი, ჩვენი ძაღლებისთვის ყველაფერი გამორჩეული და თანამედროვე შევიძინოთ.
“ცუგო” სწორედ ასეთ პროდუქციას გვთავაზობს. მოდური, თბილი, გრილი, ფერადი ტანსაცმელი თქვენს ცუგებს კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს გახდის.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” “ცუგო”-ს დამფუძნებელი, შორენა ყელბერაშვილი ესაუბრა.
“ეს არის უახლესი ამბავი. მე დამთავრებული მაქვს თოიძის სამხატვრო ლიცეუმი. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ყველანაირი ხელსაქმე. ძალიან ადრეულ ასაკში ვთხოვე მშობლებს, რომ ესწავლებინათ ჩემთვის ჭრა-კერვა. ვიყავი 12-13 წლის. ამ დროს მხოლოდ ინტერესი მქონდა. შემდეგ, როდესაც გავიდა გარკვეული პერიოდი, იმის გამო, რომ მცმოდა განსაკუთრებული და გამორჩეული, გადავწყვიტე, თავად შემეკერა ჩემთვის. ნელ-ნელა განვვითარდი ამ სფეროში”, – ამბობს შორენა.
ის გვიყვება, რა იყო ის პირველი ნაბიჯი, რამაც მისცა ბიძგი, ძაღლებისთვის ტანსაცმელი შეეკერა.
“ჩემს ნათესავს ჰყავს ძაღლი. მან მთხოვა, იქნებ, ამ ცუგასთვის შემეკერა რაიმე. გავაკეთე რამდენიმე ვარიანტი. ერთი წელიც არ იქნება გასული ამ ყველაფრიდან. შემდეგ უკვე გარდერობის გაკეთება გადაწყდა. გაჩნდა ინტერესი და მეც მსიამოვნებდა ყოველ ჯერზე ახალ-ახალი მოდელების შეკერვა. რადგან დაინტერესდნენ მაღაზიებიც და ადამიანებიც, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჯგუფი. ასე ვითარდება ეს ამბავი, არის ძალიან კარგი გამოხმაურება და შეკვეთები როგორც მაღაზიებიდან, ისე – ინდივიდუალურად. ყველა მეუბნება, იქნებ, ჩემი გემოვნებით შევქმნა სამოსი”.
როგორც რესპონდენტი ამბობს, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ წამოწყების მიმართ ასეთი დიდი ინტერესი იქნებოდა.
“სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აქტუალური და საინტერესო თუ იყო ეს ყველაფერი ადამიანისთვის. რადგან ასეთი ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტე, ამ ხაზს გავყვე.
ვინც შემიკვეთა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან კმაყოფილია – მიგზავნიან ფოტოებს, ვიდეოებს. მომეცა მოტივაცია, რომ უფროდაუფრო მეტი გავაკეთო. ეს ყველაფერი შემოსავლის წყაროც რომ იყოს, რატომაც არა?!”, – ამბობს შორენა ყელბერაშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ