პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები სამუდამო იმუნიტეტის მატარებლები არ არიან და, შესაბამისად, არ ეთანხმება ნებისმიერი კოვიდგადატანილი ადამიანისთვის „მწვანე სტატუსის“ მინიჭებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი „უსასრულოდ იმუნიტეტის მატარებელია“ თუ არა, იმნაძემ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, არა, კოვიდის გადატანის შემდეგ [რა ხდება], კვლევები უკვე გამოქვეყნებულია, გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ქვეყანაში 5 000-ზე მეტი რეინფიცირების შემთხვევა. ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართება“.
ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55% არის ვაქცინირებული, ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. მისი ინფორმაციით, მათ შორის არიან ის კოვიდგადატანილი ადამიანებიც, ვინც სახელმწიფოს ოფიციალურად კოვიდინფიცირებულად არ ჰყოლია აღნუსხული.