გუშინდელი წვეულების შემდეგ, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის მფლობელს მხოლოდ დღეს მიაწოდეს.
ამ დროისთვის შრომის ინსპექციის წარმომადგენლები უკვე კლუბის დალუქვის პროცედურებს ახორციელებენ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ 3-4 დეკემბერს შრომის ინეპქციამ კლუბ „ხიდზე“ აკრძალული ღონისძიება გამოავლინა.
21 თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს კლუბი ე.წ მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან ერთად კვლავ გაიხსნა. პირველი გამაფრთხილებელი ვიზიტი შრომის ინსპექციამ სწორედ გუშინ განახორციელა. კლუბის მფლობელის განცხადებით, შრომის ინსპექციის გამოწერილი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ახლახანს, შრომის ინსპექციამ თავის ოფიციალურ ფბ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კლუბი 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა