კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ახალი შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და სასიკვდილო დაავადებას, უფრო მეტიც, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, სიკვდილი ამ შტამისგან არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს „ომიკრონზე“ საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“, თუმცა „ომიკრონის“ საფრთხეებზე საუბარი გაზვიადებულია.
„შემდეგი და ყველაზე საინტერესო – გვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან, ამაზე ძალიან ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას ამ შტამისგან, ან დაგვიცვას ნაწილობრივ, თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მუტაციები მთლიანად არ გამოთიშავს ვაქცინის შედეგად ინდუცირებული იმუნიტეტის დამცავ თვისებებს ამ ვირუსის მიმართ და ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ან ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს.
კარგი არ არის, როცა ახალი შტამი ჩნდება, რადგან ახალ გამოწვევებთან გვიხდება შეჭიდება, მაგრამ ამ შტამთან დაკავშირებით პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ამ შტამთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბარიც არის გაზვიადებული და მკვეთრად გაზვიადებული. თუ ეს შტამი საქართველოში გავრცელდება და ალბათ, რაღაც დროს გავრცელდება, შესაძლოა, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ მოიმატებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის რაოდენობა, მითუმეტეს, რომ ჩვენ ის მედიკამენტები გვაქვს არსენალში, რომლის მიმართაც ეს შტამი მგრძნობიარეა. ამიტომ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ დრამატულად არაფერი ცუდისკენ არ შეიცვლება, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.