შენიშვნა : ტექსტი შესტორებულია, რადგან ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. გთავაზობთ სტატიის შესწორებულ და დასაბუთებულ ვარიანტს.
Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკი, მათ შორის აზიმაკი, ვირუსებზე არ მოქმედებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ აზიმაკით Covid-19-ისგან გამოჯანმრთელება შესაძლებელია, არის ყალბი ამბავი. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია ზრდის თვითმკურნალობის რისკებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „ის, რომ თითქოს ანტიბიოტიკი იწვევს გამოჯანმრთელებას, ეს არ არის სწორი. აზიმაკი არის ანტიბიოტიკი, კოვიდი არის ვირუსული ინფექცია და მას თუ არ ახლავს თან მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკები არ სჭირდება. განსაკუთრებით ბინაზე დატოვებულ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს. კატეგორიულად არ შეიძლება თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკის ან სხვა მედიკამენტის მიღება“.
მარინა ღუღუნიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე განმარტავს, როდის უნდა მიიღოს კოვიდპაციენტმა „აზიმაკი“, ის ასევე მიუთითებს კონკრეტულ დოზებს. მისი მტკიცებით, „თუ მაღალი სიცხეები 4 დღე გაგრძელდება, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, უნდა დაინიშნოს აზიმაკი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ განმარტება ექიმ აკაკი აბუთიძეს ვთხოვეთ, მისი თქმით: „ეს არის ძალიან ზედაპირული ნათქვამი, თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის ჩართვაც. ზოგადად ვირუსული ინფექციების დროს უმეტეს შემთხვევაში საჭირო არ არის“.
მტკიცება, რომ „აზიმაკით“ კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ, აბსურდულია, რადგან ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს და ვირუსებზე არ მოქმედებს. ამიტომაც, Covid-19-ის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკი არ გამოიყენება. ანტიბიოტიკის, მათ შორის „აზიმაკის“ გამოყენება შესაძლოა, საჭირო გახდეს თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას, თუმცა მის საჭიროება ექიმის მიერ ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების ან სხვა სახის მედიკამენტების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!
ქვემოთ მოცემულია სტატიის თავდაპირველი ვარიანტი:
ექიმი მარინა ღუღუნიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ონლაინ კონსულტაციას უწევდა სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ანტიბიოტიკური მკურნალობით ბევრი ინფიცირებული სიკვდილს გადაარჩინა.
ამ შემთხვევაში ღუღუნიშვილი პრეპარატ აზიმაკს გამოყოფს და აცხადებს, რომ ამ წამალმა ადამიანები სიკვდილისა და მძიმე გართულებებისაგან იხსნა. ექიმი განმარტავს, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ონლაინ კონსულტაციებიდან გაურკვეველი მიზეზების გამო მოხსნეს.
„მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ექიმად ვმუშაობ, ონლაინ კლინიკაში შარშან 3 თვეში 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე აზიმაკით, დ ვიტამინით და 2 ლიტრამდე სითხის მიღების დანიშვნით, ვინც არ დამიჯერა და მითხრა ტელევიზორში აცხადებენ ანტიბიოტიკი არ მიიღოო და როგორ დავლიოთო, მოხვდნენ ასეთები საავადმყოფოში იქ 2 კვირა უსხეს რა არ ვიცი და 2 კვირის თავზე საავადმყოფოში გარდაიცვალენ, ყველას ვინც კითხულობს ჩემს პოსტებს, არ დაუჯეროთ, რომ გეუბნებიან ანტიბიოტიკი არ მიიღოთო, როდესაც 4 დღე გრძელდება მაღალი სიცხეები და აუტანელი ხველება, მაშინ უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, აუცილებლად უნდა იქნეს აზიმაკი დანიშნული უფროსებში 500 მგრამი დღეში 1 ჯერ 3 დღე ან 5 დღე მაქსიმუმ, მდგომარეობის და მიხედვით მე ისე 5 დღე ვნიშნავდი 268 ადამიანი, რომ გამოვაჯანმრთელე, მე მათი ტელეფონის ნომრებიც მაქვს და სახელი და გვარიც მიწერია, ასე, რომ თუ მაღალი სიცხეები გექნებათ და შემაწუხებელი ხველა დაიწყეთ კოვიდის დროს აზიმაკი, ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც არ უნდა იყოს, თუ გართულდება და ანტიბიოტიკებით არ უმკურნალებენ ის აუცილებლად დაამძიმებს პაციენტს და სიკვდილის პირას მიიყვანს.
შარშან ვმუშაობდით ექიმთა ჯგუფი ონლაინ კლინიკაში და იყო 6000 შემთხვევა დღეში და ჩვენ ყველანი ექიმები ჩუმად ვუნიშნავდით პაციენტებს აზიმაკს, რადგან ზემოდან დავალება გვქონდა, რომ ანტიბიოტიკი არ დაგვენიშნა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვნიშნავდით აზიმაკს და 6000 შემთხვევიდან 15-მდე იყო სიკვდილიანობა, შემდეგ შეზღუდვების გამო შემცირდა პაციენტების რაოდენობა და ექიმთა ჯგუფი მთლიანად ჩაგვხსნეს, ვიხვეწები უკან დამაბრუნეთ მეთქი და არაფრით უკან არ მაბრუნებენ, შენ ანტიბიოტიკს ნიშნავდიო, მერე და ვინ დავაზიანე მაგით, მოვარჩინე ამდენი ხალხი და დღემდე ვშველი ყველას ჩემს ირგვლივ, ყველა კოვიდიანი ჩემს ირგვლივ ჩემი დანიშნულებით მორჩა, მასწავლებლებიც და მეზობლებიც, ვცდილობ უკან დავიბრუნო თავი იმ ონლაინ კლინიკაში და კიდე რამდენ ადამიანს გადავარჩენ, მაგრამ სამწუხაროდ არც ჩემდამი გადმოცემული სიგელი ჭრის და არც ჩემი ზარები, ჯერ არ მეხმიანებიან რატომღაც”, – წერს ექიმი მარინა ღუღუნიშვილი.