განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედია, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში “აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში”.
მისი თქმით, “კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში”.
“საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ.
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში”, – თქვა ჩხენკელმა.