ახლახან, კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა” კანადაში ექსპორტზე 4 დასახელების პროდუქტი გაიტანა. ესენია: აჯაფსანდალი, ყაბაყის კრემსუპი, ლობიო და სოკოს ჟულიენი. ცხადია, აღნიშნულს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.
რა მნიშვნელობისაა ქართული ეროვნული დელიკატესების გატანა და აღიარება მსოფლიოში – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტი, ქეთი კვიჭიძე ესაუბრა.
“რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ეკონომიკისთვის, შემდგომში ქართული გასტრონომიის განვითარებისთვის, რადგან რაც უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა, ამას მოჰყვება განვითარებაც. მე ვადარებ ხოლმე ღვინოს – რაც უფრო იზრდება მოთხოვნა, ქართულ გასტრონომიაში ჩართული კომპანიები დიდ ყურადღებას ამახვილებენ პროდუქციის მრავალფეროვნებაზე, აუმჯობესებენ პროდუქციის ხარისხს. ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, კანადისთვის ხარისხთან მიმართებით მოთხოვნაც უფრო მაღალ დონეზე იქნება.
ჩვენს გვაქვს მაგალითები – იაპონიაში მწარმოებლებმა დაიწყეს შქმერულის, ხაჭაპურის მომზადება და იქვე გაყიდვა. სწორედ ეს პოპულარიზაცია მოიტანს იმას, რომ განვითარდება გასტოტურიზმიც და იქაურ მომხმარებელს გაუჩნდება სურვილი, ჩამოვიდეს საქართველოში, რაც თვითონ ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განმარტავს კვიჭიძე.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, იმისთვის, რომ ქართული კერძები მსოფლიოში იყოს აღიარებული, უპირველესად, სწორი მარკეტინგული სვლებია საჭირო.
“ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგულად სწორი სვლების გატარება ჩვენი ქვეყნის მიერ. რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერთოს მთავრობა, ასოციაციები, დეპარტამენტები, რომ მოხდეს პოპულარიზაცია, სხვადასხვა ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა, მოვიწვიოთ ბლოგერები, დაინტერესებული ადამიანები, შეფები და გავაცნოთ მათ ქართული გასტონომია, გემოები, რაც ძალიან საინტერესოა, როგორც ჩანს, მათთვის. იაპონია რომ გაღიარებს, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. გასტრონომიის განვითარების მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტ ფესტივალში, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ჯგუფის ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს ქეთი კვიჭიძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ