როგორც ვიცით, კოვიდპანდემიამ არაერთ საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. ასევე, ადამიანებს გაუჩნდათ დრო და საჭიროება, რათა ეფიქრათ, რა შეეძლოთ იმისთვის, რომ მოეძიებინათ შემოსავლის წყარო და, ამასთან, აღმოეჩინათ საკუთარ თავში უნარები.
რესან ჟოჟაძე აჭარაში, ქედაში, სოფელ უჩხითში ცხოვრობს. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა საქმიანობა, რომლითაც ბევრი წლის წინ დაინტერესდა. მან ბაბუის პროფესიას მიჰყო ხელი და არცთუ ისე დიდი ხანია, რაც მას საფუძვლიანად დაეუფლა.
რესანი აბსოლუტურად ყველაფერს ამზადებს, რაც ხესთან არის დაკავშირებული. მათ შორის. სამზარეულოს ჭურჭლებს, ქალის სამკაულებს, საათებს, ჭაღებს და ა.შ.
“13 წლის ვიყავი, როცა ამ მიმართულებით დავიწყე საქმიანობა. ბაბუაჩემი იყო დურგალი. უკვე შემდეგ, ჩავარდნები კი მქონდა, მაგრამ ამ პროფესიას მაინც დავეუფლე – ეს იყო ერთი წლის წინ, პანდემიის პირობებში. როგორც მოგეხსენებათ, ამ დროს გართულდა სამსახურის პოვნა. ადრე თურქეთშიც დავდიოდი, შემდეგ საზღვრებიც ჩაიკეტა და დავიწყე ფიქრი, რის გაკეთება შეიძლებოდა. გადავწყვიტე ძველი საქმიანობის გაგრძელება.
ამან გაამართლა და იდეა წარმატებულია აღმოჩნდა. გამოხმაურება მოყვა მომხმარებლების, ასევე, ჟურნალისტების მხრიდან. სხვათა შორის, ავიღე გრანტიც 30 000 ლარის ფარგლებში, “აწარმოე საქართველოსგან”. შევიძინე დაზგა-დანადგარები, რაც მჭირდებოდა მუშაობაში.
როგორც რესანი გვიყვება, მან საკუთარი ბაბუის სახელოსნო გააცოცხლა და მალევე საქმიანობა გააფართოვა კიდეც.
ვმუშაობ სახელოსნოში. ეს იყო ბაბუაჩემის სახელოსნო, რომელიც მე გავაცოცხლე. ამის შემდეგ, საკუთარი სახსრებით, რაც გამოვიმუშავე, ავაშენე ახალი საწარმო, სადაც ახალი დაზგა-დანადგარები განვათავსე.
ის სიახლის შესახებაც გვიზიარებს ინფორმაციას. როგორც აღნიშნავს, მის უახლეს გეგმებში “მოლაპარაკე კუბიკების” დამზადება შედის.
ვიწყებ მუშაობას გონებრივად გამაჯანსაღებელ სათამაშოებზე. არ დავამზადებ, ვთქვათ, სათამაშო ავტომობილებს ან თოჯინებს. ეს იქნება “ჭკვიანი კუბიკები”, რომელსაც “მოლაპარაკე კუბიკები” დავარქვი. მათი გამოყენება ზრდასრულ ადამიანსაც შეეძლება.
ამბობს რესან ჟოჟაზე და აღნიშნავს, რომ შეკვეთებს საზღვარგარეთიდანაც იღებს. მათ შორის, 95 % საზღვარგარეთიდან გახლავთ ემიგრანტი ქალბატონები. როგორც რესპონდენტი ამბობს, თვითონ იმ ადამიანებს აინტერესებთ ეს ნამუშევრები, სადაც ეს ქალბატონები არიან დასაქმებულები. ის კი მათ ფოსტის საშუალებით უგზავნის ნამუშევრებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ