მეგაშოუ “მასტერშეფს” მორიგი გამარჯვებული ჰყავს – არაერთი ტურისა და მოულოდნელი დავალების შემდგომ, რუსო დაუშვილმა გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.
რუსო პროექტის მანძილზე სტაბილურობით გამოირჩეოდა. საინტერესო დიზაინისა და გემოების წყალობით, მან ფინალამდე მიაღწია და გამარჯვება შეძლო. ის “თბილისი თაიმსს” საკუთარი თავის შესახებ უყვება.
“პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი. დღემდე ამ პროფესიით ვმუშაობ, მეორე კურსიდან მოყოლებული. არაერთი ლოგო და დიზაინი მაქვს შექმნილი, მათ შორის, გამიკეთებია “თბილისობის” დიზაინი, საახალწლო გაფორმებები – რომლებიც ქალაქში კეთდება და ა.შ. მქონია ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტი”.
როგორც რუსო ამბობს, პროექტ “მასტერშეფთან” დაკავშირებით, ანკეტა მას არ შეუვსია. მონაცემები მისმა მეგობარმა დააფიქსირა.
“თავიდან ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვიყავი. უკვე შემდეგ, ჩემს თავთან “გარიგებაზე წავედი”. მიზნად დავისახე არა გამარჯვება, არამედ, უბრალოდ, განვითარება და, ამ კუთხით, ახლის სწავლა. ალბათ, ეს დამეხმარა იმაში, რომ ტურიდან ტურამდე ისე გადავედი, ნერვიულობაც კი ვერ მოვასწარი.
ვარ თვითნასწავლი. არ მქონია და არ მაქვს არანაირი გამოცდილება. უბრალოდ, ძალიან მიყვარს სახლში გემრიელი კერძების მომზადება”, – ამბობს რუსო.
ის საკუთარ ამჟამინდელ საქმიანობაზეც გვესაუბრა. როგორც აღნიშნა, მეგობართან ერთად, ვერცხლის სამკაულების დამზადებით არის დაკავებული და აქვს საკუთარი ბრენდი – line_handmade.
“ამჟამად, მე და ჩემი მეგობარი ვამზადებთ ვერცხლის სამკაულებს. გვაქვს საკუთარი ბრენდი – line_handmade. ძალიან ჩავერთე ამ საქმიანობაში. აღმოჩნდა ძალიან სახალისო და საინტერესო თითოეული ეტაპი. ახლა, უმთავრესად, ამით ვარ დაკავებული. ასევე, თავისუფალ დროს ვხატავ, მიყვარს ხელსაქმე – ვქმნი ნაჭრებითაც, ვკერავდი… სხვათა შორის, თავისუფალ დროს ვცდილობ, ბევრი რამით დავკავდე. ძალიან კარგია მრავალფეროვნება”.
რუსო საკუთარ გეგმებზეც გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აპირებს, რომ კულინარიის მიმართულებით უფრო სიღრმისეული ცოდნა მიიღოს. თუმცა, ფიქრობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია – “ალბათ, “მოვიწამლე” ამ საქმიანობით. ძალიან მინდა ცოდნის გაღრმავება. გეგმები მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მოკლედ, მივყვები დინებას”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ