დღევანდელ რეალობაში რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბანკებთან არ აქვს შეხება, სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით, ჩვენ გვიწევს, ავიღოთ სესხი და შემდეგ დავფაროთ ის. სასურველია, ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ჩვენ სესხის აღებას გადავწყვეტთ.
რჩევებსა და რეკომენდაციებს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე აჟღერებს.
“ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ადამიანის მიერ, არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან. ამით შეიძლება, სარგებელი ვნახოთ ან პირიქით, წავაგოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ, სანამ გადავწყვეტთ სესხის აღებას. უპირველესად, ჩვენ თავად უნდა გავთვალოთ საკუთარი შესაძლებლობები – როგორი იქნება ჩვენი შემოსავალი, რამდენად სტაბილური იქნება ის სესხის პერიოდში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ მიზნობრიობა – რისთვის ვიღებთ სესხს.
სესხის აღება ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც არ არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არ ღირს. პირობითად, კარგია, თუ სესხს ვიღებთ უძრავი ქონების შესაძენად ან ისეთი მიზნებისთვის, რაც ჩვენს საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს”, – განმარტავს კეპულაძე და გვირჩევს, რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სესხს ავიღებთ.
“აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რა რაოდენობის თანხა გვჭირდება და ის, ბანკთან შეთანხმებით, ისე გადავანაწილოთ ოპტიმალურად, რომ ყოველთვიური გადასახადი არ აღემატებოდეს ჩვენი შემოსავლების 30, მაქსიმუმ – 50 პროცენტს. თუ შემოსავალი დაბალია, 1 000 ლარის ფარგლებში, სასურველია, რომ სესხზე გადასახდელი თანხა არ აღემატებოდეს 300 ლარს. თუ შემოსავალი უფრო მეტია, შესაძლებელია, ეს იყო ჩვენი შემოსავლის ნახევარი. ოღონდ – მაქსიმუმ, რადგან ადამიანებს სხვა ხარჯებიც გვაქვს.
ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ჯარიმები და საურავები, რომლებსაც ბანკი დაგვაკისრებს, თუ ჩვენ დროულად ვერ დავფარავთ ვალდებულებას. ბანკიც ასევე ყურადღებას აქცევს ჩვენს შემოსავლებს.
ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო ისტორია. თუ არ გვაქვს ეს ისტორია კარგი, შესაძლოა, სესხი საერთოდ ვერც მივიღოთ.
უნდა ვნახოთ, როგორია სესხის საპროცენტო განაკვეთო ეფექტური. ასევე, მნიშვნელოვანია ყოველთვიური გადახდის თარიღი, რამდენის გადახდა გვიწევს და საბოლოო ჯამში გადახდილ თანხასაც უნდა დავაკვირდეთ, რადგან სრულად შევიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხარჯი გვექნება სესხთან მიმართებით. არ უნდა გამოგვრჩეს – ხელშეკრულებას აუცილებლად ბოლომდე, დეტალურად უნდა გავეცნოთ. აქამდე მომხმარებლები წვრილ შრიფტს ან იურიდიული ტერმინების სიმრავლეს იმიზეზებდნენ. უკვე ახლა, შრიფტი გაზრდილია და პირველ გვერდზეა გამოტანილი სესხის ძირითადი პირობები. სასურველია, ხელშეკრულებასაც სრულად გავეცნოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, ხომ არ ითხოვს ბანკი რაიმე ტიპის უზრუნველყოფას. ეს შეიძლება, იყოს უძრავი ქონება ან მოითხოვონ თავდები პირი. ეს ჩვენთვის დამატებითი რისკი და თავის ტკივილია.
თუ ყველაფერს ყურადღებას მივაქცევთ და სესხს ისე ავიღებთ, რომ ამით ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გავიუმჯობესებთ, ამ შემთხვევაში, სესხში ზედმეტად გადახდილი თანხა შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ფუჭი”, – განმარტავს გიორგი კეპულაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ