კოვიდპანდემიის პერიოდში განვითარებული კიდევ ერთი ბიზნესი – “ფელამუშიტო” საინტერესო, თანამედროვე დესერტს გვთავაზობს. ქართული სამზარეულოს ერთერთი განუყოფელი ტკბილეული – ფელამუში უკვე შესაძლებელია, სხვადასხვა ვარიაციით მივირთვათ.
დიდი ხანი არ არის, რაც ეს ბიზნესი არსებობს. საკუთარი არსიდან გამომდინარე, ის მომხმარებლისთვის სასურველი აღმოჩნდა. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” თანადამფუძნებელი, მთავარი ტექნოლოგი, სალომე გიგაშვილი ესაუბრა.
“იდეა გაჩნდა 2019 წელს. 2020 წელს. კოვიდპანდემიის პერიოდში, გავხსენით პირველი ობიექტი აღმაშენებელზე. მაგრამ, “ლოქდაუნის” გამო, სამ თვეში დავიკეტეთ. ახლა საქმიანობა განვაახლეთ ახალი ობიექტით.
ჩემს პარტნიორს ჰქონდა იდეა, რომ გაეკეთებინა ფელამუშის მსგავსი დესერტი. შემდეგ დამიკავშირდა მე. მე გახლავართ ტექნოლოგი, სურსათის სპეციალისტი. დავხვეწეთ იდეა – როგორ შეიძლებოდა, ეს გაგვეკეთებინა. გამოვიგონეთ აპარატი. აქედან გამომდინარე, უკვე შეიქმნა ფელამუშის სხვადასხვა გემო. ჩვენი ინტერესი იყო, ძირი ყოფილიყო ქართული პროდუქტი – საფერავისა და რქაწითელის ბადაგს ვიყენებთ. მაგრამ, მთავარი არსით, მივედით იქამდე, რომ ჩვენი ფელამუში მუდმივად შეგიძლიათ, მიირთვათ ცხელ მდგომარეობაში”, – ამბობს სალომე.
როგორც ის განმარტავს, ბიზნესის მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ მომხმარებელს მუდმივად შეუძლია ფელამუშის ცხლად მირთმევა.
“სპეციალურად ამისთვის შეიქმნა აპარატი, რომლის შექმნაშიც ჩართულები იყვნენ ფიზიკოსები, გავდიოდი კონსულტაციებს. ეს აპარატი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა”.
როგორც სალომე ამბობს, იგეგმება როგორც პროდუქციის დამატება, ისე – ლოკაციების გახსნა.
“უახლოეს მომავალში გავიხსნებით საბურთალოს “სითი მოლში”. ასევე, დაგვემატება მიტანის სერვისიც. თუმცა, ეს მაშინაც გვქონდა, როდესაც პირველად გავიხსენით”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ