ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი არ ემხრობა საკითხს, რომ კოვიდგადატანილებს უვადო “მწვანე სტატუსი” უნდა მიენიჭოთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს თემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
იქედან გამომდინარე, რომ კოვიდით რეინფიცირების ალბათობა დიდია, შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარისკოა.
ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” მედიცინის დოქტორი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
“როგორც მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ამ საკითხზე. ისინი არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მე, როგორც კლინიკური ექსპერტი, რასაც ვხედავ, არაერთი შემთხვევა იყო კოვიდგადატანილების რეინფიცირების. ეს იყო როგორც ექვსი თვის თავზე, ასევე, ჩემს პრაქტიკაში, სამი თვის თავზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მასიურად, თუმცა, ვერც საწინააღმდეგოს ვიტყვი. გვქონდა ისეთი შემთხვევები, რომლებიც რთულად მიმდინარეობდა”, – განმარტავს ბულეიშვილი.
როგორც მედიცინის დოქტორი აღნიშნავს, უვადო “მწვანე სტატუსი” მხოლოდ ქართული პრაქტიკაა.
“ეს საკითხი მხოლოდ საქართველოში დგას. სხვა ქვეყნებში მუდმივი “მწვანე სტატუსი” არავის აქვს. ალბათ, ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. თავდაპირველად, საუბარი იყო ექვსი თვის თავზე გადატანასთან დაკავშირებით – 6 თვე რომ ყოფილიყო განსაზღვრული ვადა, თუმცა, შემდეგში, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული – არ ვიცი, რა კრიტერიუმებითა და რის საფუძველზე.
ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყალიბდებათ მყარი იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდგომ – გააჩნია იმუნურ სისტემასა და მის სიძლიერეს. ასევე, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც, კოვიდის გადატანის შემდეგ, ძალიან უძლურდება ადამიანი.
ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს პოსტკოვიდური სიმპტომები უყალიბდებათ. ეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ორგანიზმი დაუძლურებულია და არის ალბათობა, რომ, გარკვეული პერიოდის შემდგომ, ის კვლავ დაინფიცირდეს.
ზოგადად, მე ვემხრობი, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს. რაც მე მინახავს ჩემს პრაქტიკაში, კოვიდით რეინფიცირების შემთხვევა არაერთია”, – განმარტავს მაკა ბულეიშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ